"რუსეთის ინტერესებშია, რომ ევროკავშირი ხელცარიელი წავიდეს ამ პროცესიდან "
14/03/2021 08:00:34 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისში მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.
"რუსეთის ინტერესებშია, რომ ევროკავშირი ხელცარიელი წავიდეს ამ პროცესიდან და ვერ შეძლოს ჩვენს ქვეყანაში იმ როლის თამაში, რასაც ჰქვია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ხელშემწყობი ფუნქციის შესრულება. ყველა საკითხზე - ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ხელისუფლების პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ დათმობაზე წასვლას, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებზე. დაე, საზოგადოებამ განსაჯოს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ვინ სცადა ყველაფრის გაკეთება, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულებულიყო". - განაცხადა სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე.
მისივე განცხადებით, ოპოზიციამ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა კონკრეტული შედეგის დადგომის მიზნით მიიღოს, "მაგრამ მოლაპარაკებებს ჰყავს ორი მხარე, ამიტომ შეთანხმების მთავარი გასაღები, ცხადია, არის ხელისუფლების განკარგულებაში".
სამადაშვილი კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად პლებისციტის საკითხს ასახელებს, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ შესთავაზა და რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები.
"საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე ამ პროცესში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს პლებისციტის გზის ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად სჭირდება ვადამდელი არჩევნები. შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის გზა, თუ როგორ მივალთ ამ ვადამდელ არჩევნებამდე. ცხადია, პოლიტპატიმრების ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად, რომელიც, მიგვაჩნია, რომ იქნება ნდობის აღდგენის მექანიზმი იმისთვის, რომ საერთოდ ეს შეთანხმება შედგეს და იყოს შესაძლებელი". - განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციასთან შეხვედრამდე კრისტიან დენიელსონი ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშს–ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად უკვე შეხვდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. დღის ბოლოს კი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას და ხელისუფლებას გაერთიანებულ სხდომაზე შეხვდებიან.


