"დიდი იმედი მაქვს, ხვალ შემეძლება, გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით"
14/03/2021 18:10:37 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრების გაგრძლების შემდეგ "რაღაც გადაწყვეტილებამდე მივლენ".
ეს პროცესი რთულია და უფრო მეტი დრო სჭირდება და ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები უფრო დაახლოებას შეძლებენ. ამ საკითხზე მუშაობა ხვალაც გაგრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ შემეძლება გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით. საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები და ზუსტად ამიტომ ვდებთ ამ საკითხში ამხელა ძალისხმევას. ამიტომაც არიან პარტიები მოლაპარაკებებში ასე ჩართულნი. ხვალ მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა დანიელსონმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მან უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. როგორც დღეს "ოცნების" ლიდერებმა ევროპელ დიპლომატთან რიგით მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ –მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება. თავად დანიელსონი ქვეყნიდან ხვალ, 15 მარტს უნდა გამგზავრებულიყო.


