დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს
15/03/2021 05:53:12 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება. იგი ხვალ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომას დაესწრება. ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ნატო–ს ხელმძღვანელებს შეხვდება.
პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან გამართავს.
16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
17 მარტს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში. საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.
ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მიაღწია შეთანხმებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია, მას ქვეყანა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ პრემიერი ბრიუსელში "სავსე ხელებით" ჩავა.


