ოპოზიციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დანიელსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შესახვედრად გაემართა
15/03/2021 09:55:25 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც იყვნენ კონსტრუქციულები, გააგრძელონ კომპრომისის გზით სვლა", - განაცხადა დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი უკვე დატოვა.
დღეს დილიდან მან შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
კრისტიან დანიელსონი ორი დღის განავლობაში როგორც ინდივიდუალურად, ისე გაერთიანებულ ფორმატში ხვდებოდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. მას საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს აგრძელებს.


