ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შესაძლოა, კიდევ ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა იკისროს
15/03/2021 16:10:22 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის როლი შესაძლოა, კიდევ ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა იკისროს. ამის შესახებ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.
"ევროპარლამენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, მე სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს. ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას.[...] როგორც ევროპარლამენტში "საქართველოს დემოკრატიული მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფის" (DEG) წამყვანი წევრი, მზად ვარ სრულფასოვნად ჩავერთო საქართველოს პარლამენტთან და ყველა ქართულ პარტიასთან ერთად საპარლამენტო მედიაციაში. [...] მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები, თავიანთი დებატებისას ყურადღება გაამახვილონ საკუთარ მოქალაქეებზე და პატივი სცენ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს", – ნათქვამია ფონ კრამონის განცხადებაში.
საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით განახლდა. მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთო. მას ქვეყანა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს განაგრძობს.


