კობახიძე – დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: "საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან"
15/03/2021 18:38:13 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან.
ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე შეგახსენებთ, რომ ჯამში უკვე ხუთი თვეა გრძელდება ეს კონსულტაციები. მათ შორის არის ეს ახალი პროცესი, მაგრამ მანამდე იყო მოლაპარაკებების 4 რაუნდი. საკითხი რთულია, ბუნებრივია, განსხვავებული პოზიციები არსებობს შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებდით იმას, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა. ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიან. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი. აქ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ გადამწყვეტი როლი და დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი იმოქმედებენ ისე, როგორც საჭიროა შეთანხმების მიღწევისათვის და დიალოგის წარმატებით მიღწევისათვის“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.


