"იმედია, გამოსავალს ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესის ხარჯზე"
15/03/2021 18:54:16 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს.
"მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. მინდა, ცხადად განვაცხადო, მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალს ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესის ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ეს უნდა ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი. ჩვენ ღიად ვთქვით რა არის ჩვენი პოზიცია.მე ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები", – განაცხადა ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.
მან ოპოზიცია დიალოგისთვის ხელის არშეწყობაში დაადანაშაულა.
"ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული მანევრით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს ამ დიალოგის პროცესს და პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკურული და ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იმედი მაქვს, ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს და საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის სურვილი და ამოცანააა, რომ ჩვენ ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამას როგორ მივაღწევთ, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში", – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი კომპრომისულ ვარიანტად პლებისციტს", პრემიერმა უპასუხა, რომ "არა". თუმცა კითხვის განმეორების შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "თავს შეიკავებს პოზიციების გახმოვანებისგან".
"მსურს თავი შევიკავო ჩვენი პოზიციების გახმოვანებისგან, ვინაიდან შეთანხმება და მოლაპარაკები დასრულებული არ არის", - აცხადებს ღარიბაშვილი.


