რა უნდა იცოდნენ გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველებმა – პასუხები თქვენს კითხვებზე

16-03-2021 10:31:11 ინტერვიუ

„აქცენტმა“ უკვე გამოაქვეყნა ორი მასალა გერმანიაში დროებითი დასაქმების მსურველთა ინფორმირების მიზნით, თუმცა ვინაიდან ლეგალური დასაქმების სქემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არაერთმა ადამიანმა მოგვმართა კითხვებით, შევეცადეთ, ამ კითხვებზე პასუხი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის ნინო ველთაურის დახმარებით გავცეთ.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის გერმანიიდან საქართველოში 350 ვაკანსიაა შემოსული, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე ლეგალური დროებითი დასაქმების სქემა კი ახალ – კანდიდატების შერჩევისა ეტაპზე გადავიდა. ასევე ცნობილია, რომ თითოეული ვაკანსია 3–თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. შერჩეული კანდიდატების მცირე ნაწილი გერმანიაში აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაემგზავროს, უმეტესი ნაწილი ივნისში, ივლისში და ოქტომბერშიც.

ვინაიდან მოთხოვნა მაღალია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უკვე შემოსული ვაკანსიების რეგიონების მიხედვით გადანაწილებას ცდილობს: აჭარიდან 25 ვაკანსიაზე 80 აპლიკანტი შეირჩა, მონაცემები გერმანულ მხარეს გადაეგზავნა. ამ დროისთვის ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია, ვინაიდან გერმანელმა დამსაქმებლებმა სახელობითად უნდა წარმოადგინოს შერჩეული ადამიანების სია, თუ ვისთან გააფორმებენ შრომით ხელშეკრულებას. დღეისათვის შერჩევის პროცესი 40–მდე ვაკანსიაზე გურიის რეგიონში მიმდინარეობს.

რამდენად სამართლიანია შერჩევის პრინციპი?

როგორც „აქცენტთან“ ნინო ველთაური განმარტავს, კანდიდატების შერჩევის პროცესისას აჭარის რეგიონზე თავდაპირველად ყურადღება იმის გათვალისწინებით შეჩერდა, რომ რეგიონის მკვიდრებს საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების გამოცდილება აქვთ. მისი თქმით, ანალოგიური გამოცდილება არსებობს გურიაშიც, სადაც ამჟამად მიმდინარეობს კანდიდატთა შერჩევის პროცესი. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ გურია მცირემიწიანი რეგიონია. შემდეგ ეტაპზე კი დასაქმების სააგენტო გეგმავს, შემოსული ვაკანსიებისთვის კანდიდატები ზემო იმერეთიდან და სამცხე–ჯავახეთის მთიანი რეგიონებიდან შეარჩიოს:

„დარეგისტრირების სისწრაფეზე არაა დამოკიდებული, მოქალაქე მიიღებს თუ არა ვაკანსიას. იმისთვის, რომ პროცესი ყოფილიყო სამართლიანი, გამჭვირვალე, ყველა დარეგისტრირებულს ჰქონოდა თანაბარი შანსი, გადავწყვიტეთ, შემოსული ვაკანსიები რეგიონებზე თანაბრად გადაგვენაწილებინა. გარდა ამისა, თითოეული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში თანაბარი რაოდენობით ამოირჩევიან კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობის გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა. თუ ორივე პირობას აკმაყოფილებენ, ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ბევრი კანდიდატი არაა. შერჩეული კანდიდატების 70%–ს აქვს კარგი გამოცდილება, 30–40% ფლობს ენას. გვინდოდა, ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან თანაბრად მოხვედრილიყვნენ ადამიანები, ასევე დაცული ყოფილიყო გენდერული ბალანსი. ამის შემდეგ კანდიდატებს უკვე ალბათობის პრინციპით ვარჩევთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აპლიკანტების საბოლოო შერჩევას გერმანული მხარე ახორციელებს“.

რამდენი ქვოტაა საქართველოს მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული

როგორც ნინო ველთაური „აქცენტს“ უამბობს, გერმანულ მხარეს ქართულთან არ დაუფიქსირებია პოზიცია, მაქსიმუმ რამდენი მოქალაქის მიღებას შეძლებს და ყველაფერი დამოკიდებულია თავად ვაკანსიების არსებობაზე, გერმანიაში კი სეზონურ სამუშაოზე მუშახელის მოთხოვნა მაღალია.

მისივე თქმით, 500 ქვოტა, რომელიც გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ–გვერდზეა მითითებული, 2019 წელსგაჟღერდა, როდესაც დროებითი დასაქმების სქემა ჯერ კიდევ იდეის დონეზე მუშავდებოდა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა“.

„ამდენად, სადღეისოდ ეს ქვოტა აღარაა რელევანტური: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვაკანსია შემოვა. სეზონი ჯერ არ დაწყებულა და ამ დროისთვის 350 ვაკანსია გვაქვს. ველოდებით, რომ სეზონის დასრულებამდე 500–ზე ბევრად მეტი ვაკანსია შემოვა“.

ამასთან, ნინო ველთაური ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ მოქალაქეების მხრიდან თავად რეგისტრაციისას გამოჩენილი ინტენსივობა უშუალოდ აპლიკაციების ინდივიდუალურ რეჟიმში შევსების დროს არ ნარჩუნდება, ეცნობიან რა კონკრეტულ ვაკანსიებს:

„დარეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობა მაღალია, მაგრამ როდესაც ჯგუფურ კონსულტაციებს ვმართავთ და მათ დეტალურად ვუხსნით, რა ტიპის სამუშაოებზეა საუბარი, რომ ეს არ არის ნახევარი განაკვეთის სამუშაო, რომ მოუწევთ ფიზიკური დატვირთვა ღია ცის ქვეშ, რომ ამას ნამდვილად სჭირდება გამოცდილება, საქმის ცოდნა, ძლიერი ფიზიკური მომზადება, რომ ასევე საჭიროა ენის ცოდნა, რადგან დამსაქმებელთან სწორი კომუნიკაცია წინაპირობაა შრომითი კომუნიკაციის წარმატების, – როდესაც ამ ყველაფრის გაცნობიერებაში ვეხმარებით სამუშაოს მაძიებლებს, იგივე გურიის მაგალითზე შემიძლია, ვთქვა, რომ მოქალაქეები ფრთხილობენ და რამდენიც ჯგუფურ კონსულტაციებზე მოვიდა, იმდენი არ მოსულა აპლიკაციის ინდივიდუალურად შესავსებად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს მომავალ წელს რომ მოუნდეს წასვლა, ამის შესაძლებლობა აღარ ექნება. ბუნებრივია, მას ამის შესაძლებლობა ექნება მომავალ წელს და შემდეგ წლებშიც. შესაძლოა, ადამიანი ფრთხილობს, სურს, დაელოდოს სხვა წარმატებულ მაგალითებს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“.

შეძლებენ თუ არა გამგზავრებას ერთი ოჯახის წევრები

როგორც ნინო ველთაური განმარტავს, რეგისტრირებულ კანდიდატთა შორის ნათესავური კავშირის შესახებ სააგენტო ინფორმირებული არაა და არც მსგავსი დათქმა არსებობს კანდიდატების შერჩევის პროცესში:

„ჯგუფური კონსულტაციების დროს იყო შემთხვევა, რომ რეგისტრირებული ოჯახის წევრებიდან კონსულტაციებზე მოწვევის მოკლეტექსტური შეტყობინება მხოლოდ ერთმა მიიღო. მას ოჯახის დანარჩენი წევრებიც მოჰყვნენ და ითხოვეს, „თუ შეიძლება, ჩვენც მივიღებთ შერჩევაში მონაწილეობასო“. ეს იმ ეტაპისთვის გამორიცხული იყო, რადგან მუშაობს, ჩემი ხედვით, ძალიან სამართლიან პრინციპზე დაფუძნებული შერჩევის კრიტერიუმები, სადაც შესაძლებლობები თანაბრადაა გადანაწილებული ასაკის, გამოცდილების, სქესის და ენის ცოდნის მიხედვით. უკვე შემდეგ როგორც უკვე ვთქვი, მოქმედებს შერჩევის ალბათობის მეთოდი. ამ პრინციპს ვერ დავარღვევდით და კანდიდატმა თქვა, „თუ ჩემი ოჯახის წევრები არ წავლენ, არც მე მსურს წასვლაო“. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც შერჩულ კანდიდატებს შორის მეუღლეები მოხვდნენ“.

სად იღებს დასაქმებული ხელფასს და ვინ ექვემდებარება 25%–იან დაბეგვრას?

საწყის ეტაპზევე გაჟღერდა, რომ 5%–იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს, რომელიც ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადია სეზონურ სამუშაოზე დროებით დასაქმებულებისთვის. თუმცა გაირკვა ისიც, რომ რიგი მოქალაქისთვის შესაძლოა, ჩაირთოს სოციალური დაზღვევის გადასახადი, რაც ეკონომიკურ სტატუსზეა დამოკიდებული.

როგორც ნინო ველთაური განმარტავს, გერმანულმა მხარემ მოამზადა სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც სწორედ გერმანული მხარე განსაზღვრავს, უნდა დაიბეგროს თუ არა პირი სოციალური დაზღვევის გადასახადით, თუმცა ამის შესახებ მოქალაქე ინფორმაციას გამგზავრებამდე მიიღებს.

5%–იანი დაბეგვრა შეეხება:

  • პენსიონერს;
  • სტუდენტს;
  • დიასახლისს და მამასახლისს.

+20%–იანი დაბეგვრა შეეხება:

  • დასაქმებულს;
  • თვითდასაქმებულს.

აღნიშნულ გადასახადს მოქალაქე იხდის გერმანიაში გამომუშავებული თანხის აღებისას.

ამასთან, ნინო ველთაური გვეუბნება, რომ მოქალაქე გამომუშავებულ თანხას იღებს გერმანიაშივე ნაღდი ფული სახით, ან გერმანული საბანკო ანგარიშით – ეს მხარეებს შორის შეთანხმების საგანია და მოქალაქე თავად განკარგავს საკუთარ შემოსავალს:

„შემოსავალი იბეგრება ერთხელ და იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელ ქვეყანაშიც ხდება სამუშაო შეთანხმება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ორმაგად არ იბეგრება“.

ამასთან, კითხვას, საბანკო ვალდებულებები შესაძლებელია თუ არა, რომ მოქალაქისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისას შემაფერხებელ გარემოებად იქცეს, ნინო ველთაური პასუხობს: „ეს სასაზღვრო დეპარტამენტის კომპეტენციაა და ამიტომ, მე არ ვუპასუხებ, მაგრამ აქამდე მოგზაურობის დროს ვინმესთვის ხელი შეუშლია სასესხო ვალდებულებებს? და ამ საკითხს ახლა დასაქმების სქემას რატომ უკავშირებენ, არ მესმის?“.

ანაზღაურება

გაზაფხულისთვის შემოსულ ვაკანსიებზე მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 9,5 ევროა, თუმცა ივნისიდან იცვლება და ხდება 9,6 ევრო, რაც ვაკანსიებშიარის მითითებული.

ამასთან, ნინო ველთაური განმარტავს, რომ გერმანული კანონმდებლობით, თუ საათობრივი შემოსავალი 13 ევროს ასცდა (ეს ეხება ნებისმიერ სფეროს), განსხვავებული დაბეგვრის სისტემა მუშაობს და არა 5%–იანი.

რომელ კულტურებთან უწევთ მუშაობა

ნინო ველთაური გვეუბნება, რომ ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.

რიგ ვაკანსიებში მითითებულია ალუბალი, მარწყვი, სხვადასხვა ბოსტნეული. ამასთან, შესაძლოა, დასაქმებულებს ტექნიკასთან მოუწიოთ ურთიერთობა, თუმცა თუ მსგავსი მოთხოვნა დამსაქმებელს ექნება, ეს სამუშაოს აღწერილობაშიც იქნება მითითებული, მსგავსი ვაკანსიები კი საქართველოში ამ დროისთვის შემოსული არ არის.

ხარჯები

ნინო ველთაური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შერჩეული კანდიდატი გერმანიაში გამგზავრებამდე უზრუნველყოფს პისიარ–ტესტის საფასურს, იღებს ჯანმრთელობის ცნობას, ნასამართლეობის ცნობას (10–დღიან ვადაში აღება უფასოა, დაჩქარებული წესით – ფასიანი), თავად ფარავს გამგზავრებისა და დაბრუნების საფასურს (ორივე მიმართულებით ბილეთის ფასი ჯამში, დაახლოებით, 1 300 ლარი).

ამასთან, ნინო ველთაური ამბობს, რომ დასაქმებულს თან უნდა ჰქონდეს დაახლოებით, 300 ევრო, რომელსაც ხელფასის აღებამდე კვებითი მიზნებისთვის გამოიყენებს.

რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსებს, ნინო ველთაურის განმარტებით, გერმანიაში მოქმედებს გარკვეული სტანდარტები და მთავარია, საცხოვრებელი კომპლექსი მას აკმაყოფილებდეს.

„ეს კომპლექსები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების არ არის აშენებული: დამსაქმებელი მას წლებია, სეზონური მუშაკებისთვის იყენებს. ლოგიკიდან გამომდინარე, ეს კომპექსები ღირსების შემლახველი რომ იყოს, არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მით უფრო, ევროპის მოქალაქეეზე ვსაუბრობთ, არ აქვთ ნაკლები მოთხოვნები სამუშაო და საცხოვრებელი პირობებს მიმართ. არასწორი მოლოდინია, რომ ის ყველას მისთვის მოსაწონი საცხოვრებელი კომპლექსი ექნება. არსებობს მინიმალური სტანდარტი, რაც დაცული უნდა იყოს.

ამასთან, გამგზავრებულ მოქალაქეებს აუცილებლად ეყოლებათ საკომუნიკაციო პირი და თუ რაიმე ფორმით ირღვევა მათი უფლება, კომუნიკაცია ჰქონდეთ. გამგზავრებამდე მათ ძალიან დეტალურად განემარტებათ, რა არის სამუშაო უფლება და რა შემთხვევაშიაის დარღვეული“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები