"პრემიერ კვირიკაშვილის დროს ბათუმის ბულვარში ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო, რიჟვაძე ამას შეეწინააღმდეგა და მინიმუმამდე დაიყვანა ზიანი"
16/03/2021 10:26:46 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ "პრემიერ კვირიკაშვილის დროს ბათუმის ბულვარში ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო, რიჟვაძე ერთ-ერთია, რომელიც ამას შეეწინააღმდეგა".
"ერთადერთი, რაშიც თანხვედრა გვაქვს, რომ რაც იქ შენდება, მიუღებელია. რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთ-ერთია, რომელიც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს იქ ცხრა და თორმეტსართულიანი კი არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. რიჟვაძე იყო, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს. მჯერა, თორნიკე რიჟვაძე მოძებნის დროს, თქვენ წინააღმდეგ ცილისწამებაზე სარჩელი შეიტანოს, რადგან თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულებები არ გაქვთ, მოგიწევთ ამის უარყოფა", – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი კორპუსის აშენება დაუშვებელია. ამასთან, მისი თქმით, „თორნიკე რიჟვაძეს ქრთამს თუ მისცემ, კორპუსს დაიდგამს და ისე ივლის, საერთოდ არ შეაწუხებს ნამუსი“.


