"დარწმუნებული ვარ, აქციები უნდა გაძლიერდეს. ვისაც თავმოყვარეობა გვაქვს, ვიბრძოლებთ"
17/03/2021 10:50:54 პოლიტიკა
"როგორც კი ამ შეხვედრების და მიშელთან მოლაპარაკებების პროცესის ასე ვთქვათ, საბოლოო ვერსიები გახდება ცნობილი ჩვენ ოპოზიცია შევიკრიბებით და საბოლოო პოზიციას გამოვაცხადებთ. თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ აქციები უნდა გაძლიერდეს", – ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
"ჩვენ თუ გავჩერდებით, გულზე ხელებს დავიწყობთ და მარტო ვივიშვიშებთ – რა ცუდად არის ქვეყანაში საქმეო, "ქართული ოცნება" გადასარევად გააგრძელებს 2024 წლამდე კი არა, შეიძლება, 2024 წელს მოხსნას საერთოდ არჩევნები და თქვას, 2030 წელს ჩაგიტარებთო. თვითონ გადასარევად გრძნობენ თავს, თვითონ ამ კრიზისს ვერ გრძნობენ და ვერ ხედავენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, ოპოზიციამ უნდა დაგეგმოს ძალიან სერიოზული აქციები, 20 მარტის აქცია საბოლოოდ ალბათ, დადასტურდება. როგორც კი ამ შეხვედრების და მიშელთან მოლაპარაკებების პროცესის ასე ვთქვათ, საბოლოო ვერსიები გახდება ცნობილი ჩვენ ოპოზიცია შევიკრიბებით და საბოლოო პოზიციას გამოვაცხადებთ. მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ აქციები უნდა ჩატარდეს. აქციები უნდა გაძლიერდეს. მოდი, პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს სახელი – საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ საქართველო ითმენს ბიძინა ივანიშვილს მმართველად და უფრო სწორად ბერა ივანიშვილს, რომელსაც ახმოვანებს, მის ასე ვთქვათ, ხელის ბიჭად ქცეული ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე. თუ გვაქვს თავმოყვარეობა ეს არ უნდა მოვითმინოთ, ვისაც გვაქვს თავმოყვარეობა ვიბრძოლებთ", – განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის: დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ერთდროულად შეხვდება.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 16:00 საათზე დაიწყება.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა და მან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.


