„ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველაფერი გააკეთოს, რომ ენმ–მ მაგიდა „ააყირაოს“
17/03/2021 12:26:12 პოლიტიკა
ენმ–ის წევრ სალომე სამადაშვილის შეფასებით, დღეს მხარეები ინდივიდუალური მოლაპარაკებების შემდეგ პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ამ თვალსაზრისითაა ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი, თუმცა მას არ აქვს განცდა, რომ დიალოგი დღევანდელი შეხვედრით ამოიწურება.
ამასთან, სამადაშვილის დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის იმედადაა და არა საერთო კომპრომისული შეთანხმების მიღწევის, რომელსაც მხარეები ხელს მოაწერენ.
„დღეს პირველი გაერთიანებული შეხვედრაა და ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მე არ მაქვს განცდა, რომ ამ ერთ შეხვედრაზე შესაძლოა, დასრულდეს მოლაპარაკება. დღეს შეიძლება, ითქვას, რომ მოლაპარაკება მხარეებს შორს იწყება. მიჩნდება განცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაგიდა ააყირაოს და დატოვოს მოლაპარაკებები: თქვენ მოსმინეთ პრემიერ–მინისტრის რიტორიკა, კვლავ ხდება ოპოზიციის დანაწევრება და ენმ–ზე თავდასხმა. გარდა ამისა, დღეს ფიზიკური თადასმა განხორციელდა ენმ–ის ოფისზე. დღეს ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების განწყობა არა კონსტრუქციული, არამედ განხეთქილების შეტანაა“,– განაცხადა სამადაშვილმა.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა და მან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1 მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.


