"ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს, მიიღებს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს"
17/03/2021 12:36:06 პოლიტიკა
"ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მიიღებს გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდება პარლამენტს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის განცხადებები, რომლებიც გუშინ გაკეთდა ევროკავშირისა და ევროკომისიის სახელით, გამორიცხავს ყველა სახის კითხვას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც ამ „ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს“.
„დღეს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში. იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერსებულნი საქართველოს უკეთესი მომავლით. რომ შევაჯამო მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. [...] ის განცხადებები, რომელიც არის ბატონი ბორელის, ვარჰეის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, ვნახეთ ოდირის ბოლო ანგარიში, მოვისმინეთ ევროკავშირის პოზიცია, დღესაც იგივე დადასტურდა. რეალურად, ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, – განაცხადა ღარიბაშილმა.


