ვანო ჩხიკვაძე: „ორივე მხარე ვა–ბანკზე მიდის!“

17-03-2021 17:52:23 კომენტარი

ვა–ბანკზე მიდის ორივე მხარე, ცდილობს, ყველაფერი მიიღოს ან არაფერი და თუ ეს გაგრძელდა, პროცესიდან გამარჯვებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა, ქვეყანა კი ყველა ვარიანტში წააგებს,– ასე აფასებს „აქცენტთან“ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე პოლიტიკურ კრიზისს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს შემდეგ, რომელიც ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავდა მხარეებთან პოზიციების დაახლოების და საბოლოო შეთანხმების მიზნით, გაჩნდა ოპტიმიზმის საფუძველი. იყო ინტერესი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის მიმართაც, თუმცა საბოლოო შეთანხმების კონტურები ამ დრომდე არ ჩანს.

შეფასებას, რომ ამ ეტაპზე მხარეები საბოლოო შეთანხმების წერტილს მნიშვნელოვნად დაშორებულნი არიან, იზიარებს ჩხიკვაძეც, თუმცა, მეორეს მხრივ, მას ოპტიმიზმის საფუძველს პროცესისადმი ევროკავშირის ინტერესი უჩენს:

„პრემიერ–მინისტრი ბრიუსელში ვიზიტისას სამჯერ შეხვდა შარლ მიშელს. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებების უკან დგას არა მხოლოდ ის, რომ ევროკავშირს ძალიან დიდი ინტერესი აქვს, მოლაპარაკებები კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანონ, არამედ უშუალოდ მიშელის რეპუტაცია და პოლიტიკური წონაც. ეს დამატებითად იძლევა იმედს, რომ შესაძლოა, საბოლოო შედეგამდე მივაღწიოთ. თუმცა როგორი იქნება ეს შედეგი, ამ ეტაპზე თქმა რთულია“.

ამ კონტექსტში ჩხიკვაძე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ განცხადებაში არსებულ ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას:

„საერთო პრესრელიზში სიტყვათა წყობა იყო იმგვარი, რაც გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით „ოდირის“ დასკვნაში: არჩევნები შეფასებული იყო როგორც „თავისუფალი“ და „კონკურენტუნარიანი“. ამის შემდეგ ვერ ვხვდები, რა გადაკვეთის წერტილები შეიძლება, იყოს და რაზე შეიძლება, შეთანხმდნენ მხარეები 6–პუნქტიანი გეგმიდან, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდაზე“.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მიიღწა, ჩხიკვაძე პოლარიზაციის გაღრმავებას პროგნოზირებს, რაც ერთ–ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩხიკვაძის განმარტებით, პოლარიზებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროგრესს, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობის თაობაზე დაანონსებული განაცხადის შემდეგ.

ჩხიკვაძის შეფასებით, თუ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციებით ვიხელმძღვანელებთ, „არ იგრძნობა, რომ ევროკავშირი დატუქსვის პოლიტიკას იყენებს", მაგრამ ბუნებრივია, მისთვის უცნობია დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესები. ამასთან, ის ამბობს, რომ ევროკავშირს ზეწოლის ბევრი მექანიზმი აქვს:

„ბერკეტები ძალიან ბევრი აქვს, დაწყებული ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერიდან, რომელსაც საქართველო იღებს. საქართველო ერთ–ერთი პირველია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარებით – უკრაინაზე მეტ დახმარებას ვიღებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით არსებული მდგომარეობის ფონზე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები