Accentnews.ge
ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ: "რთული და მძიმე შეხვედრა იყო, ხვალ უნდა გაგრძელდეს წესით"

ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ: "რთული და მძიმე შეხვედრა იყო, ხვალ უნდა გაგრძელდეს წესით"

17/03/2021 16:04:19 პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას "რთულს და მძიმეს" უწოდებენ.

როგორც თითქმის 4–სააათიანი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ისინი მოლაპარაკებების შინაარსზე ვერ ისაუბრებენ და აცხადებენ, რომ პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

"ყველა თემაზე ვისაუბრეთ. რთული და მძიმე შეხვედრა იყო. შეხვედრა ხვალ უნდა გაგრძელდეს წესით. გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს რომ შედგა შეხვედრა და პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია ამ პროცესში, რომ ძალიან დიდია, ეს კარგია. ის რომ მისი მედიატორი აქ არის და მუშაობს, ეს მნიშნველოვანია, მისი მადლიერი ვართ. ამ შეხვედრის შინაარსი იყო რთული და მძიმე", – განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "არაფერია შეთანხმებული სანამ, ყველაფერი არ შეთანხმდება":

"მთავრი რაზეც შევთანხმდით არის პრინციპი – არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ იქნება შეთანხმებული. ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება. დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში 6-პუნქტიანი გეგმის ხუთივე საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდებით“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, დისკუსია მიმდინარეობდა ყველა პუნქტზე და საუბარი საკმაოდ რთული იყო:

„დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშნველოვანი, რთული საუბარი და დისკუსია ყველაფერზე. გვაქვს პროგრესი, მაგრამ არ შეიძლება ვისაუბრობთ არაფერზე კონკრეტულზე. ძალიან რთული იყო ყველა საკითხის განხილვა, ხვალ გრძელდება.ყველაფერზე იყო საუბარი, ყველა პუნქტზე. შეთანხმება მოხდება, როცა ყველა პუნქტზე შევთანხმდებით, ეს არის მიზანი".

"გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა, თუმცა, ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია:

"იყო საკმაოდ რთული საუბარი ბევრ საკითხზე. არის საკითხები, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი დასრულებული არ არის, ხვალ გაგრძელდება შეხვედრები. დეტალებში ვერ შევალ. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ იყო რთული საუბარი და პოზიციები დაახლოვდა. ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი. ჯერჯერობით დათმობაზე საუბარი საერთოდ არ არის".

შეხვედრის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, "თუმცა ენმ-სთვის ორი პრიორიტეტული საკითხი კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია".

„პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია შეთანხმებაზე. თუ იქნება სწრაფი ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პარლამენტში, მოხდება გარდამავალ, ტრანზიციულ პარლამენტში შესვლა. იმისთვის, რომ ამ სწრაფი ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადდეს რეფორმები“, - აცხადებს მინაშვილი.

ცნობისთვის: ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S