ღარიბაშვილი: „ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის საფუძველი არ არსებობს“
18/03/2021 07:14:15 პოლიტიკა
ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტი მთავრობის სხდომაზე შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის საფუძველი არ არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი დროულად მიიღებს „სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას“.
„მე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ჩვენი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი, გვქონდა უმაღლესი შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეფორმა, ეს პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული, ამიტომ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ და ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც არის ჩართული ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე- პრეზიდენტის ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე, ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასებები ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში ჩატარებული, აქედან გამომდინარე, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გამოსავალის მოძებნა, იმისთვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას და მოვახდინოთ ისეთ დიდ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიც არის კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა.შ. მით უმეტეს, რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. იმედი მაქვს, ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან ვადასტურებ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შეთანხმება“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.


