"20 მარტის აქცია დღის წესრიგშია. ქუჩის აქტივობები იქნება ინტენსიური"
18/03/2021 11:30:06 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, 20 მარტის აქცია დღის წესრიგშია.
მისივე თქმით, ქუჩის აქტივობები იქნება ინტენსიური.
„კონკრეტულად აქციასთან დაკავშირებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ საპროტესტო აქტივობები, ქუჩის აქტივობები იქნება ინტენსიური, აქტიური და გაგრძელდება. სამწუხაროა, რომ ერთ- ერთი ენა, რომელიც დღეს ხელისუფლებას ესმის, ქუჩის საპროტესტო აქტივობებია. ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება თანხვედრა ორი პროცესის - მეგობრებთან მუშაობა და საპროტესტო აქტივობები. ადამიანებს ამ ქვეყანაში აქვთ ყოველდღიური პრობლემები. ადამიანებს აქვთ სურვილი გამოხატონ პროტესტი. ჯერჯერობით, სხვა გზა პრობლემების გადაჭრის არ არის. ამიტომაა ხელისუფლების მხრიდან გონივრული ნაბიჯი, რომ დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს. თუ ხელისუფლება ამას არ ეთანხმება, ბუნებრივია, პროტესტი იქნება ქუჩაში, ფართო და კიდევ გაფართოვდება და ინტენსიური გახდება",- განაცხადა მინაშვილმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.


