ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილ კრიზისზე იმსჯელებენ
19/03/2021 05:38:16 პოლიტიკა
22 მარტს ევროკავშრიში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ, – იუწყება "მთავარი არხი". სხდომაზე მოხსენებით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა და მოლაპარაკებების გაგრძელების, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულების პერსპექტივა ბუნდოვანია, მხარეები კი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირაა, მართავს, განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვა პოლიტიკური ლიდერების ხელშია და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.


