ჯაფარიძე განმარტავს, რა (არ) იდო მოლაპარაკების მაგიდაზე
19/03/2021 06:15:08 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8-საათიანი შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ აცხადებს, ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე "მინიმუმ უსინდისობაა".
"1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;
2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;
3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი, ჰაერი;
4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი, ჰაერი;
მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ "არაფრის" გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა "ოცნების" მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის). ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ "ოცნების" მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.
არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა, ფეხზე ჰკიდია, შარლ მიშელი ჩაერევა, თუ მიშელ ობამა. SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ. ესაა მოცემულობა.
პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ევროპული კომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა და მოლაპარაკებების გაგრძელების, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულების პერსპექტივა ბუნდოვანია, მხარეები კი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირაა, მართავს, განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვა პოლიტიკური ლიდერების ხელშია და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.


