ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის – ხისტი, უწყვეტი პროტესტი და 15 მაისს რუსთაველზე მასშტაბური აქცია
20/03/2021 08:05:21 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ "ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, მათ შორის, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია, გადადიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე". მათი თქმით, გაიმართება არაერთი აქცია, მათ შორის – 15 მაისს მასშტაბური აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ თბილისში გამართული მოლაპარაკებები „ქართული ოცნების“ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი.[...] ჩვენს უკან არის საქართველო და მისი ევროპული მომავალი. ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით. დღეიდან, ამ წუთიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან ჩვენს უკან სიმართლეა. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ბოლოს ჩვენ აქ რუსთაველის გაზირზე შევიკრიბებით და ეს იქნება 15 მაისს. ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე. ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს", – აცხადებს ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ზააალ უდუმაშვილი.


