"ოცნების" წევრების რეაქცია გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე: "მივესალმებით, იგი არის ქვეყნის პატრიოტი"
22/03/2021 09:47:55 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების ფაქტს მიესალმებიან.
კერძოდ, ირაკლი ზარქუასთვის მისასალმებელია, თუ გიორგი გახარია პარტიას შექმნის:
"მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც".
"პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, იგი არის ქვეყნის პატრიოტი", - ასე ეხმიანება დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ექს–პრემიერის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების ფაქტს:
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი".
გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნებისთვის" კონკურენტი არა გახარია, არამედ ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც სადრეისოდ ქვეყანა დგას:
"ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც სურს, რომ ქართულ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა სიამოვნებით შევხვდებით, რა თქმა უნდა, თუ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება. "ოცნებისთვის" კონკურენტი ის გამოწვევებია, რომელიც არის ქვეყანაში, მეტი სხვა არვინ".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ცხადებს, რომ "რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება, მით უარესი რადიკალური ოპოზიციისთვის":
"რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური ძალა და წარმოაჩინოს თავისი ხედვები ამ პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება როგორც დღეს განაცხადა, რა თქმა უნდა, კონკურენტი იქნება, იმიტომ რომ ის ამ პარტიიდან წასულია. გააკეთოს ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე. ის იყო კარგი პრემიერმინისტრი, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული და თუ იგივე წარმატებით განაგრძობს ოპოზიციის როლში მოღვაწეობას, ეს მხოლოდ კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის".
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


