ფირალიშვილი: „ივანიშვილი შესაძლოა, 2011–2012 წლების მინი–სცენარის გათამაშებას ცდილობს“

22-03-2021 15:04:44 კომენტარი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას სახით, „ქართული ოცნების“ ალტერნატივის შექმნას ცდილობს. მით უფრო, რომ ფირალიშვილის ანალიზით, სადღეისოდ პოლიტიკური სივრცე ცარიელია:

„ოპოზიცია ვერ თავის როლს თამაშობს: საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება ვერ შეძლო. ეს ჩანს NDI–ს კვლევებიდან, ვერ ახერხებენ მასშტაბური აქციების გამართვას. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ცდილობს, მცირე მასშტაბით გაათამაშოს 2011–2012 წლების სცენარი: 26 მაისის აქციის შემდეგ უკვე მკვეთრად იგრძნობოდა სრული საზოგადოებრივი აპათია, უიმედობა, თუმცა იმჟამინდელი ოპოზიცია უუნარო იყო, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ის შფოთი, რომელმაც პოლიტიკური ცხოვრება გამოაცოცხლა“,– ამბობს „აქცენტთან“ ფირალიშვილი.

ფილოსოფოსი არც სხვა ვერსიას გამორიცხავს:

„ქართულ ოცნებაში იყო და ახლაც არის დაპირისპირება. არ გამოვრიცხავ, რომ გახარია რეალურად ნაწყენია, ვერ მოიპოვა რა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, რისი იმედიც ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ მხარდაჭერით სარგებლობენ ახალგაზრდები, რომლებთანაც გახარიას თავსებადობაც არ აქვს და მართლა ფიქრობს, გამოიყენოს ყველა ფაქტორი, მათ შორის – ივანიშვილისაც და პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. არც ისაა გამორიცხული, მას საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს – მის მიმართ გარკვეული სიმპათიები არსებობდა. ყველა შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სივრცეში ისეთი პოლიტიკური ძალის შემოსვლა სჭირდება, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს: შესაძლოა, მოკავშირე არ იყოს, მაგრამ მის დევნას არ განახორციელებს, მის ოჯახს, ქონებას არ შეეხება – სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, მის წინააღმდეგ მკვეთრ ზომებზე არ წავა“.

ფირალიშვილს არ აქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად გავიდა პოლიტიკიდან. მეტიც, ის დარწმუნებულია, რომ ამის შესაძლებლობას თავად „ქართული ოცნების“ წევრები არ მისცემენ და შექმნიან ყველა პირობას, რათა ივანიშვილს მდგომარეობის დაკარგვის შიში ჰქონდს:

ყველაფერს რომ შევეშვათ, „ქართული ოცნებისთვის“ ივანიშვილი ფინანსური უზრუნველყოფაა“.

რაც შეეხება გახარიას პერსპექტივებს პოლიტიკაში, ფირალიშვილის დაკვირვებით, ის ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, „პოლიტიკური სივრციდან საზოგადოებრივი სიმპათიების გარეშე არ წასულა“. ამ კონტექსტში ის იხსენებს კოვიდპანდემიასთან მართვის პროცესს, ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულებას:

„ოპოზიციასთან მისი ურთიერთობა დიალოგის მეტ ელემენტებს შეიცავდა, კობახიძემ კი რამდენიმე იმგვარი განცხადება გააკეთა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიზანდასახულად შლიდა მოლაპარაკებებს. გახარიასთან მიმართებაში განახლების იმედიც არსებობს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად შეძლებს კაპიტალის გამოყენებას. ჩვენ არაერთგზის გვინახავს, რომ პოლიტიკაში ახალი ძალა შემოვიდა, გვქონდა იმედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნიჭიერების დეფიციტთან გვაქვს საქმე.

მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ გახარია მასმედიის ყურადღების მობილიზებას; შეძლებს თუ არა, ჩადგეს როლში, როდესაც თავად შექმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა სხვები. მას ეყოლება კონკურენტები და ექნება წინააღმდეგობა. თავად „ქართულ ოცნებას“ კი სერიოზულ მეტოქესთან წინააღმდეგობის რესურსი არ გააჩნია – დავა ელემენტარულ პოლიტიკურ კორუფციაზე, გიგანტური თანხების ხარჯვაზე“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარია მედიასთან პირველად გამოჩნდა. განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და დააანონსა, „მალე შევხვდებით“. მედიასთან კომუნიკაციისას მასთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე, და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ დაუშვილი. თავად დაუშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კულუარული ინფორმაციით, გახარიას გუნდის წევრად განიხილება რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის – გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები