"თუ გახარიას ოპოზიციური პარტიის ლიდერად ვიხილავთ, უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება"
22/03/2021 11:14:29 პოლიტიკა
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემთხვევაში უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება.
"უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ მას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად. ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ვინ არის მისი კადრი, ზუსტად არ ვიცი. ობიექტურად რომ ვთქვა, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, გახარია არ იყო ხელწამოსაკრავი ფიგურა. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ -არა სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს", – აცხადებს ელისაშვილი.
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


