ძიძიგური – გახარიაზე: "ძალიან არ მინდა, მკითხაობას დაემსგავსოს, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა სწორედ შიგნიდან წამოსულმა ადამიანებმა მოახერხეს"
22/03/2021 13:26:11 პოლიტიკა
"ძალიან არ მინდა, მკითხაობას დაემსგავსოს, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა სწორედ შიგნიდან წამოსულმა ადამიანებმა მოახერხეს", – ასე უპასუხა "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა კითხვას, "იქნება თუ არა გახარია ივანიშვილის პროექტი".
"ერთი რამ ნამდვილად შემიძლია, გითხრათ – შიგნიდან წამოსულ ადამიანებს როგორც წესი, უფრო მეტი ძალა და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, შემოიკრიბონ ირგვლივ თავიანთი მხარდამჭერები და თანამოაზრეები. მაგალითად შევარდნაძის ხელისუფლების დროს, შიგნიდან წამოსულმა ადამიანებმა მოახერხეს შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა; სააკაშვილის ხელისუფლების დროს შიგნიდან წამოსულმა ადამიანებმა შექმნეს ყველაზე მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც სასწაულით გადაურჩა სააკაშვილი მაშინ, მაგრამ იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ სააკაშვილის დროს ოპოზიცია, რომელსაც შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა სუსტი იყო და ეს ოპოზიცია ფაქტობრივად შიგნიდან წამოსული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. გარდა იმისა, რომ გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი იყო, იგი ფაქტორი იყო "ქართული ოცნების" ბევრი მხარდამჭერისთვის, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია პოლიტიკურად აქტიური როლი ითამაშოს", – აცხადებს ძიძიგური.
მისივე თქმით, თუ საქართველო იმ პოლიტიკური აქტორების იმედად დარჩება, რომლებიც ერთანეთთან დალაპარაკებასაც ვერ ახერხებენ, "პოლიტიკური სტაბილურობა საერთოდ უნდა დავივიწყოთ".
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ–მინისტრი არის ერთ–ერთი მთავარი პოლიტიკური თანამდებობა და ამ პოლიტიკური პოსტიდან წასვლა ამა თუ იმ პერსონის არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პოლიტიკად უნდა წავიდნენ:
"თუ პრემიერი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებს, ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთოდ თავქუდმოგლეჯილი უნდა გაიქცეს პოლიტიკიდან და გადაერთოს სხვა მიმართულებაში. ძალიან ლოგიკურია, რომ პოლიტიკაში დარჩეს და ის ხედვები და მიმართულებები, რაც მას მიაჩნდა სწორად და გასაკეთებლად, იმის განხორციელება უკვე სხვა გზებით ეცადოს. ასე ხდება ევროპაშიც, აშშ–შიც და მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც ეს მოხდა".
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


