წულუკიანი – გახარიაზე: „ეს შემობრუნება ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს“
22/03/2021 14:45:57 პოლიტიკა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააზიანებს.
„იმედი მქონდა, რომ გახარია არ წავიდოდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე პრემიერი ვიყავი. ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, „ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-თქო“, მაგრამ გამიკვირდა. სჯობდა, არ წასულიყო. ეს შემობრუნება ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის ჩვენი ოპოზიცია იქნება, შესაბამისად, ჩვენ ოპონირება მოგვიწევს. ეს ერთის მხრივ, საინტერესო იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ეს „ოცნებისთვის“ საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ იქნება. თუმცა გუნდში, ვინც პარლამენტში ვნახე, ყველა გაკვირვებული იყო. თუმცა წარმატებას ვუსურვებ“,– განაცხადა წულუკიანმა თემის კომენტირებისას.


