„ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან საჭიროა, წავიდნენ აუცილებელ კომპრომისზე“
22/03/2021 17:08:17 პოლიტიკა
საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, იხელმძღვანელონ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესებით.
„შუამავლობა არ დასრულებულა, ის გაგრძელდება. ჩვენ გვჭირდება, რომ ის გაგრძელდეს, რადგან საქართველო არ უნდა იყოს ორმხრივ პოლარიზაციაში, რომელიც მთავრობას არ აძლევს მუშაობის საშუალებას და ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რათა წინ წაიწიოს მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. ამიტომ შუამავლობა გაგრძელდება და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იხელმძღვანელონ ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესებით და მიაღწიონ საჭირო პოლიტიკურ შეთანხმებას, რათა უპასუხონ მათ წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ.
მისი თქმით, საჭიროა, პოლიტიკოსები წავიდნენ აუცილებელ კომპრომისზე და გადაერთონ აქტუალურ თემებზე:
„ევროკავშირის მინისტრებს, ასოცირების საბჭოზე, რომლის თავმჯდომარე მე ვიყავი, გასულ სამშაბათს მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირის მედიაციის მცდელობაზე, რომელიც ხორციელდება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. მუშაობა გრძელდება. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან საჭიროა, ქართველი ხალხის ინტერესი პირველ ადგილზე დააყენონ, წავიდნენ აუცილებელ კომპრომისზე და გადაერთონ უფრო აქტუალურ თემებზე, როგორიცაა მაგალითად კორონავირუსი, ეკონომიკური აღდგენა და ეროვნული უსაფრთხოება“.


