„სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გონს მოეგო“ – ბობოხიძე დანიელსონის განმეორებით ვიზიტს აფასებს
22/03/2021 18:48:23 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე ფიქრობს, რომ ვინაიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი უშედეგო მოლაპარაკებების მიუხედავად საქართველოში ბრუნდება, „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეული მოლაპარაკება უკვე შედგა.
„ვფიქრობ, რადგან მეორედ ჩამოდის [დანიელსონი], ალბათ, გაწბილების გამო არ ჩამოდის. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან“ გარკვეული კონტაქტები უკვე ჰქონდათ. სავარაუდოდ, „ქარული ოცნება“ გონს მოეგო.
მე მაინც და მაინც მოხარული არ ვარ მარტივი მიზეზის გამო: ევროკავშირი სახელმწიფოთა გაერთიანებაა, იქ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებია, რომლებსაც სხვადასხვა ინტერესები აქვთ, ერთ სახელმწიფოს ერთი, მეორეს – მეორე. მიშელის ინტერესი რომელიღაც ევროპული ტიპის პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს შესაძლოა, სცდებოდეს...ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა უფრო მათ (ვგულისხმობ ზოგადად, ხელისუფლებას)მოკავშირე მედიატორთან ერთად არ დაასრულა მოლაპარაკება. .[...] ვფიქრობ, საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ უფრო სწორი, უფრო თავისუფალი დამოკიდებულება ამერიკელ პოლიტიკოსებს ექნებოდათ, მაგრამ ახლა სიღრმისეულად შესვლა არ მინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ შეთანხმებაზე წამოსვლა მოუწევს“,– განაცხადა ბობოხიძემ თემის კომენტირებისას „ტვ პირველის“ ეთერში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.
„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი. დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა.
ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.


