Accentnews.ge
«ტორთა» ჭიდილი: ბრიტანელ კონსერვატორთა პერსპექტივა და გამოწვევები

«ტორთა» ჭიდილი: ბრიტანელ კონსერვატორთა პერსპექტივა და გამოწვევები

11/07/2019 09:10:57 თვალსაზრისი, ანალიზი

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომა დააანონსა, ქვეყნის პირველი პირის სავარძლისთვის რამდენიმე კონსერვატორი ლიდერის კანდიდატურების განხილვა დაიწყო. 10 ივნისისთვის მათი რაოდენობა უკვე 10-ს შეადგენდა.

მათ შორის არიან ჯერემი ჰანტი, ანდრეა ლიდსომი, საიდ ჯავიდი, ბორის ჯონსონი, მაიკლ გოუვი და დომენიკ რააბი. დღეის მდგომარეობით, დასახელებულებს შორის ყველაზე მეტი შანსი ჯონსონსა და ჰანტს აქვთ, თუმცა „ტორების“ უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ბორის ჯონსონი იმსახურებს. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ 1170 გამოკითხული კონსერვატორიდან 62% ჯონსონს უჭერს მხარს, ჰანტს კი მხოლოდ 11%-ის მხარდაჭერა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰანტმა შიდაპარტიული ბრძოლის ბოლო რაუნდში მაიკლ გოუვის მხოლოდ 2 ხმით აჯობა.

მოცემულ ვითარებაში დიდ ინტერესს იწვევს ჯონსონის ბრძოლის პროგრამული ნაწილი და «ბრექსიტის» პირობებში მისი პოზიციონირება. რაც შეეხება ჯერემი ჰანტს, მისი აზრით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ემხრობა თუ არა საზოგადოება «ბრექსიტს», ოღონდ არა იმ გზით, როგორც ეს 2016 წლის რეფერენდუმით გამოვლინდა. საინტერესოა, რას გულისხმობდა ჰანტი ამ ბუნდოვან განცხადებაში. ორივე ხსენებული კანდიდატი მოსახლეობას შემდეგ ოთხ თვეში მოლაპარაკებების განახლებასა და ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევას ჰპირდება. შეთანხმების გარეშე კავშირის დატოვება არაერთხელ იქნა უარყოფილი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ, მაშასადამე, ტერეზა მეის ყველა კონცეპტუალური ხედვა პირწმინდად ჩავარდა და ამ სიტუაციამ პარტიის ახალი ლიდერის არჩევის აუცილებლობა დააჩქარა.

საგულისხმოა მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია. მას უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც  რამდენიმე თვის წინ გაიმართა. თითქმის იგივე შედეგით დაასრულა ლეიბორისტულმა პარტიამაც, რომელმაც 1918 წლის შემდგომ ხმების ყველაზე მცირე რაოდენობა მოიპოვა.

დიდი ანალიზი არ გვჭირდება    მთავარი პარტიების პრობლემების დასადგენად, თუმცა მაინც, ეს განაპირობა: 1. «ბრექსიტის» პოტენციური შედეგებისა და პროცედურული ნაწილის საზოგადოებასთან ვერმიტანამ; 2. ევროკავშირის დატოვების კონკრეტული კონცეფციის არქონამ, რაზეც, ცხადია, მმართველ პარტიას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. მეტიც, 2018 წელს მიშელ ბარნიეს რამდენჯერმე ჯერემი კორბინიც კი შეხვდა, რათა სიტუაცია განემუხტა პოლიტიკურად კონფლიქტური სტატუს-ქუოს გამო, როდესაც კონსერვატორი წარმომადგენლები ბრიუსელში ვიზიტს ნულოვანი პროგრესით ასრულებდნენ;  3. საკადრო პოლიტიკა - პარტიის ლიდერები – ეს ფაქტორი ერთ-ერთ მწვავე საკითხს წარმოადგენს, რამდენადაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის მებრძოლ კანდიდატებს ბრიტანულ მოსახლეობაში მხარდაჭერისა და, მაშასადამე, ლეგიტიმაციის ძალზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. კერძოდ, YouGov”-ის ბოლო გამოკითხვის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, იქნება თუ არა კარგი მინისტრი ხსენებული ორი კანდიდატი, პასუხები ასე გადანაწილდა: ჯერემი ჰანტი - 28 %, ბორის ჯონსონი – 25%, ხოლო კითხვაზე, მათგან რომელი უფრო კარგად გაართმევს თავს «ბრექსიტის» საკითხებს, 22%-მა ჯონსონი დაასახელა და მხოლოდ 12%-მა ჰანტი. ეს კიდევ უფრო ამყარებს იმ არგუმენტს, რომ ჯონსონში კონსერვატიული პარტია ხედავს ლიდერს, რომელსაც შექმნილი ქაოსის მოწესრიგება შეუძლია. გარდა ამისა, გამოკითხვის სხვა ყველა გრაფაში, როგორიცაა, მაგალითად, კეთილსინდისიერება, პატიოსნება, ზნეობრიობა და «ქვეყნის გამაერთიანებლობა»,  ჰანტი ლიდერობს, თუმცა როგორც ხალისიანი პერსონა, ჯონსონი სრული უპირატესობით სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ «ბრექსიტის» პირობებში ორივე კანდიდატი აანალიზებს ეკონომიკურ და ფისკალურ საფრთხეებს, ჯონსონის დაპირებაა, რომ საარსებო ანაზღაურება (National Living Wage) და საჯარო მოხელეების ხელფასი გაიზრდება; საჯარო სერვისებში მეტი თანხა ჩაიდება და პოლიციას ახალი რეკრუტები შეემატება. პროგრამაში ბუნდოვანია, საიდან და როგორ აპირებს კანდიდატი ამ რესურსების გამონახვას, თუმცა იმთავითვე საინტერესოა მისი სოციალური პოლიტიკის ეს ასპექტები. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ვარაუდობს, რომ ჯონსონის გეგმა მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს, რაც მათთან საიდუმლო გარიგებაში შესვლის საფრთხეს მოიცავს. იგი ეჭვქვეშ აყენებს ასევე ეროვნული ჯანდაცვის სისტემის (NHS) ბედს, ვინაიდან სწორედ ბორის ჯონსონი უჭერდა მხარს სერვისის სრულ პრივატიზაციას, რაც ლეიბორისტული პარტიისთვის სრულიად მიუღებელ პოსტულატს წარმოადგენს. ჯონსონი ასევე ირწმუნება, რომ GDP-ს 0,7%  კვლავინდებურად საერთაშორისო დახმარებისკენ მიიმართება.

ჰანტის სოციალური პოლიტიკა კი არცთუ ყოვლისმომცველია. მეტიც, ეს პოლიტიკოსი მუდმივად გადასახადების შემცირებისა და პრივატიზაციის მომხრე იყო დიდ ბრიტანეთში და, მაშასადამე, საჯარო დაფინანსების კლებაზე ყოველთვის ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. მას მუდმივად აკრიტიკებენ არა მარტო ლეიბორისტული პარტიის ლიდერები, არამედ ლიბერალ-დემოკრატებიც. ბოლო შემთხვევა ნათლად ადასტურებს იმას, რომ ჰანტსა და ჯონსონს ლეგიტიმური ბრალი დასდეს ბრიტანეთის ე.წ. ‘საგადასახადო სამოთხედ’ გადაქცევაში. იგულისხმება, რომ ბრიტანეთის საპორტო ქალაქები სტატუსით «თავისუფალი პორტები», რომელიც სრულ დერეგულაციას ითვალისწინებს, შეიცავს უდიდეს საფრთხეს ფულის გათეთრებისა და გადასახედებისგან თავის არიდების კუთხით. ამ თემას ევროპის პარლამენტის წლიურ ანგარიშებშიც არაერთხელ დასთმობია ადგილი და არგუმენტირებული კრიტიკა.   

თავად კაბინეტის კონსერვატორი წევრებიც ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევიან. მათგან ერთ-ერთი ავტორიტეტული და გამოცდილი ფილიპ ჰამონდია, რომელიც ორივე კანდიდატს რეალისტური გეგმების შემუშავებისკენ მოუწოდებს და თვლის, რომ საგადასახადო და ხარჯვით-ფისკალურ ნაწილში კარგად გათვიცნობიერებული არც ერთი მათგანი არ არის. ჰამონდი შიშობს, რომ თუკი გადასახადები შემცირდება და ხარჯვა გაიზრდება, თანაც ევროკავშირთან შეთანხმება საბოლოოდ ვერ მიიღწევა, მაშინ დიდი ბრიტანეთი 26 მილიარდ ფუნტს დაკარგავს და მთელ კონსერვატიულ პარტიას ეკონომიკურ არაკომპეტენტურობაში დაედება ბრალი.  

კონსერვატიული პარტიის ყოფილი წევრი, ჰამონდის წინამორბედი უილიამ ჰეიგი კი ჯონსონის შესაძლო გაპრემიერებას მთელი პარტიისათვის ფატალურად მიიჩნევს.

საბოლოოდ, ბრიტანეთის შემდგომი პრემიერის ვინაობა 23 ივლისს გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მთავარი საკითხები, რომლებიც ტერეზა მეის ადმინისტრაციის პირობებში წარმოიშვა, კვლავ საჭიროებს მოგვარებას. «ბრექსიტმა» გააღრმავა როგორც შიდა ბრიტანული პარტიულ-პოლიტიკური დაპირისპირება, ისე ქვეყნის პოზიციონირების არეალი. პოლიტიკურად ძალიან რთულია კონსერვატიული პარტიის მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ ახალ პრემიერს შეიძლება, «ახალი» შანსი მიეცეს ევროკავშირთან სათუო შეთანხმების მიღწევის კუთხით. ამ პროცესს  ქვეყანაში სოციალური საკითხების გააქტიურება შეიძლება, მოჰყვეს ლეიბორისტული პარტიის აქტიურობით: იგი ასევე განიცდის შიდაპარტიულ რეორგანიზაციას და ემზადება არჩევნებისათვის, რომელიც, სავსებით დასაშვებია, 2022 წლამდეც ვიხილოთ დიდ ბრიტანეთში.

ავტორი: ელიზბარ ხვიჩია 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S