მოსკოვის ახალი სატყუარა და მუქარა თბილისს: “ექვსთა ფორმატში” ჩართვა – დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ”
23/03/2021 11:55:28 პოლიტიკა
კრემლის ცნობილი პროპაგანდისტი მაქსიმ შევჩენკო თბილისის მიმართ ახალ წინადადებას აჟღერებს და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში დევნილების დაბრუნების უზრუნველყოფის სანაცვლოდ ე.წ. “ექვსთა ფორმატში” (რუსეთი, თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) ჩაბმას სთავაზობს.
ამასთან, იგი არ მალავს, რომ მოსკოვს ეს “რეგიონიდან დასავლეთის განსადევნად და როგორც საქართველოში, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის დასამკვიდრებლად” სჭირდება.
როგორც შევჩენკო თავის ვიდეობლოგში აცხადებს, “საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება - ქვეყანაში ჩადიან ევროკავშირის ემისრები, გამოჩენილი ამერიკელები, საქართველოს მთავრობა, რომლის უკანაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას, ირყევა, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებს აკავებენ, რუსეთში კი ამ ფონზე თითქოს არავის ესმის, რა ესაქმება მოსკოვს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან – აქაოდა, საქართველომ ხომ უკვე დიდი ხანია, განსაზღვრა და გამოაცხადა თავისი გზა ნატო-სა და ევროკავშირისკენ, რუსეთის მიმართ კი გაუგებარი დამოკიდებულება აქვსო”.
“მაგრამ ჩვენც - რუსეთსაც ხომ ასეთივე გაუგებარი დამოკიდებულება გვაქვს: რუსულ საზოგადოებას არ გაგვაჩნია ჩამოყალიბებული აღქმა იმისა, რას წარმოადგენს ჩვენთვის საქართველო, ზოგადად კავკასია და შესაბამისად, არც ჩამოყალიბებული კავკასიური პოლიტიკა გაგვაჩნია. არადა, დიდი კავკვასიის რაიონში ამჟამად საბედისწერო მოვლენები ვითარდება, რომლებიც ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრები იქნება არა მარტო თავად რეგიონის ქვეყნებისთვის და ჩვენთვის – რუსეთისთვის, არამედ შესაძლოა, მსოფლიოსთვისაც კი” – აღნიშნავს შევჩენკო და ამ კონტექსტში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, გასული წლის 11 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის (რეალურად კი – მოსკოვის) მიერ ინიცირებულ პროექტს – “ექვსთა პლატფორმას” ახსენებს:
“ბოლო 15 წელია, ვსაუბრობ იმაზე, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც დასავლეთის ჩართულობის გარეშე განხორციელდება, მაშინვე მოუტანს კავკასიას მშვიდობას, მაშინვე გადაჭრის ყველა კონფლიქტს, მათ შორის – საქართველოს ირგვლივ; ხალხები შეძლებენ ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, საზღვრები ფრონტის ხაზებიდან ჩვეულებრივ ხაზებად გადაიქცევა, რომელთაც სხვადასხვა საქონელი, ფული, იდეები, ადამიანები გადაკვეთენ. სწორედ ასეთი პროექტია “ექვსთა პლატფორმა”: საუბარია, ფაქტობრივად, მშვიდობიანი კავკასიის პლატფორმაზე – ქვეყნებს შორის მშვიდობიან შეთანხმებაზე, ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზე, სხვადასხვა ურთიერთსასარგებლო ერთობლივ პროექტებზე. ამ ინიციატივას მყისიერად დაუჭირა მხარი თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც იქვე ისიც აღნიშნა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მისგანაც მხარდაჭერა მიიღო. პლატფორმაში ჩართვის სურვილი დაადასტურა ირანმაც და სომხეთმაც. რჩება მხოლოდ საქართველო, მაგრამ მისი არმონაწილეობა სერიოზული პრობლემაა: როგორც არ უნდა დაძაბო ახლა ქვეყანაში ვითარება, როგორც არ უნდა ახდენდნენ ერთმანეთის დისკრედიტირებას მთავრობა და ოპოზიცია, ყველა ქართველისთვის - მათთვისაც კი, ვინც რუსეთის მიმართ ლიოალურადაა განწყობილი, მთავარ საკითხად რჩება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი [ცხინვალის რეგიონი – რედ.]: ყველაზე პრორუსულად განწყობილი ქართველებიც კი არასოდეს შეეგუებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის – რედ.] არსებობას იმ სახით, რომლითაც ისინი დღეს არსებობენ, იმას, რომ იქიდან განდევნილია ქართული მოსახლეობა, რომ იქ რუსული ჯარები დგანან და სანამ ეს საკითხი გადაუჭრელია, საქართველო, რომც ჰქონდეს სურვილი, მიუერთდეს “ექვსთა პლატფორმას”, რაც მისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ამას ვერ გააკეთებს” – ამბობს შევჩენკო, იქვე სვამს კითხვას, როგორ შეიძლება, გადაიჭრას ეს წინაღობა და მსმენელს გამოსავალს თანადვე სთავაზობს:
“2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთში უკვე გამჯდარია მოსაზრება, რომ აი, სააკაშვილმა თავდასხმა განახორციელა [ცხინვალის რეგიონზე – რედ.], რუსეთმა კი დაიცვა [ცხინვალი – რედ.]. და ეს ერთის მხრივ, მართლაც ასეა – სააკაშვილმა მართლაც განახორციელა თავდასხმა, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთში [ცხინვალის რეგიონში – რედ.] რუსი სამხედროები დაიღუპნენ. მაგრამ ისმის კითხვა: ვინ იყო იმ დროს სააკაშვილის პარტნიორი მოსკოვში? მთელი ეს 2008 წლის ისტორია რეალურად, ხელსაყრელი იყო მოსკოვში მყოფი გარკვეული ძალებისთვის, რომლებიც გლობალიზმის აგენტებს წარმოადგენენ. სწორედ მათი მოქმედების შედეგად იქცა მართლმადიდებელი საქართველო მართლმადიდებელი რუსეთის მტრად და სადღეისოდ გარიყულია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობიდან: ამ დიალოგს შეიძლება, მხოლოდ კონსულტატიური ხასიათი ჰქონდეს, რადგან ვერც ერთი ქართული პოლიტიკური ძალა, რომც უმდოდეს, ვერ შეძლებს მოსკოვთან საუბარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის – რედ.] საკითხის სრულად გადაჭრის თუ არა, სულ მცირე, ამ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის დაბრუნების გარეშე. ესე იგი, რა უნდა ვქნათ? საქართველო ქაოსში უნდა გადავუშვათ? თუ უმჯობესია, დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება, გადაწყდეს ეს საკითხი? - შესაძლოა, კონფედერაციით, მოლაპარეკებების ორგანიზებით, დევნილების დაბრუნებით...”.
აქ შევჩენკო, როგორც ჩანს, მოელის რა აფხაზების მწვავე პროტესტს, აფხაზურ მხარესაც ემუქრება და მიანიშნებს გარკვეულ საფრთხეებზე, რომელთა ხორცშესხმა მოსკოვზეა დამოკიდებული: “ის, რომ აფხაზეთში ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი [უკრაინის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი” ახრა ავიძბა – რედ.] დააკავეს, რომელიც ღიად დაადანაშაულეს ყარაბაღელი სომხების აფხაზეთში ჩასახლებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე სომხური ავტონომიის ჩამოყალიბების ლობირებაში, იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს იქ მიმდინარე პროცესებს და რომ კრემლს მშვენივრად ესმის, რომ საქართველოს გარეშე “ექვსთა პლატფორმა” ვერასოდეს შედგება, მით უფრო – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის – რედ.] ამჟამინდელი მდგომარეობით”.
ამავდროულად ცნობილი პროპაგანდისტი თბილისსაც ემუქრება: “ახლა რომ რაიმე ომი წამოვიწყოთ (რომელიც არავის არაფერში სჭირდება), ეს მაშინვე საბაბს მისცემთ აშშ-სა და ევროკავშირს, ვითარებაში ჩაერიონ, თავისი ჯარები შეიყვანონ და იუგოსლავიური სცენარით კვლავ აქციონ კავკასია, სადაც გაჩნდა მშვიდობის შესაძლებლობა, ომის ზონად”.
“ამდენად, მე ვფიქრობ, ეს დიპლომატებისა და პოლიტიკოსების საქმეა, მოიფიქრონ, როგორ შეიძლება, კონვერტირდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის – რედ.] სუვერენიტეტები საქართველოსთან პარტნიორობაში, რათა თბილისმა შეწყვიტოს ნატო-ს სატელიტობა კავკასიაში იმ ფონზე, რომ დასავლეთი კბილებითაა ჩაფრენილი საქართველოს და ბოლომდე შეეცდება მის შეკავებას თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან პარტნიორობისგან ამ დიდი რეგიონული პროექტის ფარგლებში: მათ ხომ არ სჭირდევბათ რეგიონში მშვიდობა, მათ სჭირდებათ კავკასიაში მუდმივი მტკივნეული წერტილის არსებობა; არ გამოუვიდათ ყარაბაღში? გადაიჭრა ყარაბაღის საკითხი? - ესე იგი, საქართველო უნდა იყოს ასეთი მუდმივი მტკივნეული წერტილი. მე დიდი შფოთვით ვადევნებ თვალს საქართველოში არსებულ დაძაბულობას და ძალიან არ მინდა, განმეორდეს 1990-იანი წლების მოვლენები, რადგან ეს ხელს მხოლოდ ხსენებული რეგიონული კონსორციუმის ჩამოყალიბების მოწინააღმდეგეებს მისცემთ. მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კავკასიის ირგლივ არსებული ყოფილი ძველი და შედარებით ახალი იმპერიების თანამშრომლობის შედეგად რეგიონის მშვიდობის ფაზაში გადასვლა – ეს არაჩვეულებრივი პროექტი იქნებოდა”. - დასძენს შევჩენკო.


