Accentnews.ge
რუსეთი აფხაზეთს რკინიგზას ართმევს

რუსეთი აფხაზეთს რკინიგზას ართმევს

23/03/2021 16:44:31 კონფლიქტები

რუსეთი აფხაზეთის რკინიგზის მითვისების პროცესს აგრძელებს. ამ დღეებში რუსეთის ფინანსთა სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეძღვნებოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდის ინფორმაციით, “პრემიერის” მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ დელბამ რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე თემურ მაკსიმოვთან “ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები” განიხილა, საუბრის მთავარ თემას კი “აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა-განვითარების მიზნით აფხაზეთის მთავრობისთვის სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის გამოყოფის შესახებ” რუსეთ-აფხაზეთის 2010 წლის 24 დეკემბრის “სამთავრობოთაშორისო” შეთანხმებით წარმოქმნილი დავალიანების “რესტრუქტურიზაცია” წარმოადგენდა.

“აფხაზური მხარის მიმართვის გათვალისწინებით, რუსეთისა და აფხაზეთის საფინანსო ორგანოების წარმომადენლები შეთანხმდნენ, შეიმუშავონ დეტალური წინადადებები ამ საკითხის ურთიერთმისაღები ფორმით გადასაწყვეტად”, - იუწყება აფხაზეთის “მინისტრთა კაბინეტი”, თუმცა არც “აფხაზური მხარის მიმართვის” შინაარსს აკონკრეტებს, არც იმას, თუ რა იგულისხმება “ურთიერთმისაღებ ფორმაში”.

ბევრს აფხაზეთში ჯერ კიდევ ახსოვს იმ ავადსახსენებელი სარკინიგზო კრედიტის ისტორია, რომელიც რუსეთმა აფხაზურ მხარეს საკმაოდ მაღალ პროცენტში რამდენიმე წლის წინ გამოუყო. კრედიტის გამოყოფამ სულ მცირე დროით დაასწრო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველი რუსეთის მიერ 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსთან “საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ყველა სავაჭრო დერეფნის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გამავალი დერეფნების დამოუკიდებელ მონიტორინგს გულისხმობდა. მაშინ აფხაზურ მხარეს 2 მილიარდი რუბლი თითქოსდა რკინიგზის აღსადგენად გამოეყო, თუმცა ეს ძალზე უცნაურად – ყოველგვარი წინასწარი გათვლებისა და ეკონომიკური ანალიზის გარეშე გაკეთდა. არადა, ნებისმიერი მოქალაქისთვის, თუნდაც არასპეციალისტისთვის ნათელი იყო, რომ ამხელა თანხების ჩადება ჩიხურ გზაში, რომელზეც დროდადრო მიზერული ტვირთები გადაადგილდება, სრულიად უპერსპექტივო საქმეა.

ასეც მოხდა. წლების შემდეგ, როდესაც კრედიტის გადახდის დრო დადგა, აფხაზეთმა გააცნობიერა, რა მახეში ამოყო თავი. რუსული 2 მილიარდი დაუძლეველ ტვირთად იქცა, რომელსაც აფხაზური მხარე კიდევ დიდხანს ვერ დააღწევს თავს. მაგრამ მთავარი ამ ისტორიაში ისაა, რომ ომის დროს სერიოზულად დაზიანებული აფხაზური რკინიგზა დღესაც ისეთივე გაჩანაგებულ მდგომარეობაშია, როგორშიც კრედიტის გამოყოფამდე იყო.

«წლების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს საკრედიტო ისტორია ერთი დიდი ილუზიაა, რუსეთის მიერ შექმნილი საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი რკინიგზა მიითვისოს. იგივეს აკეთებენ რუსები ამჟამად ჩვენს ენერგეტიკასთან მიმართებაშიც. რუსეთს, რომელიც უკიდეგანო ვალებში გვითრევს, შორსმიმავალი მიზნები ამოძრავებს და აფხაზური რკინიგზა პირველი რგოლი იყო ამ დიდ მზაკვრულ ერთიან ჯაჭვში», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე, სოხუმელი რიტა.

მაინც რა მიზანი აქვს ამ მხრივ რუსეთს? - ამის გასარკვევად დავუბრუნდეთ 2011 წლის შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, შვეიცარიული კომპანია SGS-ის ნეიტრალური მონიტორები მდინარე ფსოუზე მდებარე საზღვარზე უნდა განთავსებულიყვნენ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია კი გეოგრაფიული კოორდინატებით იყო მონიშნული. გათვალისწინებული იყო ყველა არსებული აფხაზური საბაჟო პუნქტის დახურვა როგორც ფსოუზე, ისე ენგურზე. ამის გამო მაშინ აფხაზეთში დოკუმენტი მტკივნეულად აღიქვეს და კატეგორიული უარი განაცხადეს, “საკუთარ ტერიტორიაზე დაეშვათ ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლები”. გარდა ამისა, აფხაზური მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თავად ის ფაქტიც, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მოსკოვი თბილისს აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ვაჭრობაზე სოხუმის გვერდის ავლით შეუთანხმდა.

«2011 წელი ჩვენთვის – აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ათვლის ერთგვარ წერტილად იქცა და მიგვახვედრა, რომ რუსეთისთვის პირადი სარგებელი ყველა ვალდებულებაზე მაღლა დგას. მოგვიანებით რუსები ცდილობდნენ, აეხსნათ ჩვენთვის, რომ ეს აუცილებელი იყო და რომ ეს ორმხრივ ურთიერთობებზე არანაირად არ აისახებოდა. თუმცა ფაქტი უკვე მომხდარი იყო. გეოგრაფიული კოორდინატი – აი, ასეთად ხედავს აფხაზეთს რუსეთი. ჩვენ კი მასთან რაღაც სამოკავშირეო და პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ», - აღშფოთებულია ჩვენი მეორე თანამოსაუბრე არკადი.

სწორედ იმ პერიოდში დაიწყო აფხაზეთის გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხის განსაკუთრებით აქტიური განხილვა. თემამ არაერთგზის წამოიწია და ყოველ ჯერზე აწყდებოდა როგორც მოწინააღმდეგეებს, ისე მხარდამჭერებს. ინტერესის ახალი ტალღა 2020 წლის ბოლოს – 2021-ის დასაწყისში აგორდა. თემა გაკვრით ჯერ “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ ახსენა, ხოლო მოგვიანებით “უშიშროების საბჭოს” მდივანმა სერგეი შამბამ უფრო დეტალური კომენტარი გააკეთა აფხაზური “პარლამენტის” ინიციატივასთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთვის მიემართა და აფხაზური მხარის სახელით მზადყოფნა გამოეთქვა, აფხაზეთმა “თანასწორუფლებიანობის პრინციპით მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში”. თუმცა “აფხაზი დეპუტატების” ამ ინიციატივას თავისი პრედისტორია აღმოაჩნდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, რეალურად, ეს არა აფხაზური “პარლამენტის”, არამედ მისთვის მოსკოვიდან, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი ინიციატივა იყო, თანაც არა უბრალოდ ინიციატივა, არამედ თანდართული საიდუმლო დოკუმენტით – “რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სამმხრივი შეთანხმებით”. რუსეთის საგარეო უწყებამ მოითხოვა აფხაზი “დეპუტატებისგან”, “დიდი ეკონომიკური სარგებლისა და მოძმე სომეხ ხალხზე ზრუნვის” მოტივით რკინიგზის ამოქმედების საკითხის ინიცირება მოეხდინათ. ამასთან, მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტი 2011 წლის შეთანხმებისგან რიგ განსხვავებებს შეიცავს. მათ შორის აფხაზური მხარისთვის საკვანძოს ის განსხვავება წარმოადგენს, რომ “სამმხრივ შეთანხმებაში” სარკინიგზო დერეფნის აფხაზური მონაკვეთი უკვე არა კოორდინატებით, არამედ დაზუსტებით – “სოხუმად” იქნება აღნიშნული.

«მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერა, როგორც მოსკოვი გვარწმუნებს, უკვე შეთანხმებულია საქართველოს პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. აფხაზეთის პარლამენტს კი მოეთხოვება მხოლოდ, ეს დოკუმენტი განიხილოს და მისი სრული მხარდაჭერის შესახებ განაცხადოს. ამით აფხაზური მხარის მისია ამოიწურება და შემდეგ საქმეში რუსეთი ერთვება», - აცნობა “აქცენტს” წყარომ აფხაზეთის “პრეზიდენტის” ადმინისტრაციიდან.

თუ დეტალებზე ვისაუბრებთ, მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტის თანახმად, საქონლის გადაადგილებაზე კონროლს უცხოური კომპანიის ნაცვლად, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები განახორციელებენ, რომლებიც ფსოუსა და ენგურზე განლაგდებიან, აფხაზეთი კი ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება ერთგვარ ნეიტრალურ ტერიტორიად.

«რისთვის წამოსწიეს ეს საკითხი უკვე მერამდენედ ახლა - გაურკვეველია. ხომ ფაქტია, რომ აფხაზეთს საამისოდ არ სცხელა? აი რუსეთისთვის კი ეს ძალზე სასარგებლო იქნება: დიდ ფულს ამით ვერ იშოვის, მაგრამ მსოფლიოს წინაშე “სომხეთის მხსნელად” წარმოაჩენს თავს», - თვლის ჩვენი კიდევ ერთი თანამოსაუბრე რუსლანი.

«არ ვიცი, რამდენად არიან რუსების ამ საიდუმლო შეთქმულების შესახებ საქმის კურსში საქართველოსა და სომხეთში, მაგრამ ის, რომ აფხაზეთს ეს პროექტი პრობლემების მეტს არაფერს მოუტანს, უდავოა. და მთელი ეს ზღაპრები “უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელიც ყველა პრობლემას მოვიგვარებს” ჩვეულებრივი მითია და მეტი არაფერი. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, მაინც რა მიზნით ლობირებს რუსეთი ამ პროექტს მაინცდამაინც ახლა – ვშიშობ, ჩვენი რკინიგზის წართმევის მცდელობასთან არ გვქოდეს საქმე. რუსეთისგან ხომ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე, სოხუმელი ლიანა.

ჯერ – უზარმაზარი კრედიტი, შემდეგ – საქართველო-რუსეთის 2011 წლის შეთანხმება, შემდეგ – პერიოდული მცდელობები, აფხაზეთისთვის ვალის დაფარვა ეიძულებინათ. აფხაზურ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმის ვარაუდი, რომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემით მოსკოვი ცდილობს, სოხუმი მის მიერ წამოყენებულ პირობებზე დაითანხმოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S