Accentnews.ge
NATO–ს გენმდივნის განცხადებით, ალიანსის ინტერესებშია სტაბილური და წარმატებული საქართველო

NATO–ს გენმდივნის განცხადებით, ალიანსის ინტერესებშია სტაბილური და წარმატებული საქართველო

23/03/2021 17:25:00 პოლიტიკა

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის ინტერესებშია სტაბილური და წარმატებული საქართველო. ამის შესახებ მან NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი მსჯელობს, კიდევ უფრო მეტად როგორ გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან.

„NATO-მ გაზარდა საკუთარი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და სამი ქვეყანა – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ალიანსის წევრები არიან და ორი – უკრაინა და საქართველო NATO-ს პარტნიორები არიან. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, თუმცა ასევე გავაძლიერეთ თანამშრომლობა ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორებთან - საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ ამას განვაგრძობთ და ვმსჯელობთ, კიდევ უფრო მეტად როგორ გავაძლიეროთ პარტნიორობა, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის მხრივ. ამასთან, მივესალმებით ფაქტს, რომ უკრაინაც და საქართველოც უზრუნველყოფენ მხარდაჭერას NATO-ს სხვადასხვა მისიებსა და ოპერაციებში. მთავარი გზავნილი, რომელიც ასევე არის NATO–2030 სტრატეგიის ნაწილი, არის, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, კიდევ როგორ შეგვიძლია, გავაძლიერებთ პარტნიორობა მეზობლებთან, რადგან ჩვენს ინტერესშია, ჩვენი მეზობლები იყვნენ სტაბილური და წარმატებული. ორივე ქვეყანა – უკრაინაც და საქართველოც არიან ასპირანტი ქვეყნები NATO-ს წევრობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მიერ რეფორმების განხორციელებას, რათა მათ განაგრძონ სვლა ევროატლანტიკურ გზაზე", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის მკაფიო გზავნილია, რომ ალიანსის კოლექტიური თავდაცვა ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტად გაძლიერდა, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის მსგავს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S