"ვფიქრობ, სენატში მოსმენების შემდეგ ოპოზიციას 15 მაისს აქციის გადადებაც მოუწევს"
24/03/2021 12:27:26 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ აშშ–ის სენატში საქართველოზე გამართული მოსმენის შემდეგ ოპოზიციას 15 მაისს დაგეგმილი მასშტაბური აქციის გადადება მოუწევს.
მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ გაყალბებული იყოს, ხალხი ქუჩაში ოპოზიციის მოწოდების გარეშეც გამოვიდოდა:
"საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ ოპოზიციურ ძალას ხმა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მისცა, დაახლოებით მილიონია ოპოზიციისთვის ხმის მიმცემი, მაგრამ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოდის, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მართლა რომ გაყალბებულიყო, არანაირი მოწოდება არ დასჭირდებოდათ, თავის ხმებს დაიცავდნენ".
როგორც სუბარი აცხადებს, "თუ ოპოზიცია ხალხს ყურს დაუგდებს, რადგან არ შეიძლება ყველაფერში უნიათოები იყვნენ":
„რევოლუცია უნდათ, ვერ აკეთებენ; პარლამენტში შემოსვლა უნდათ, ვერ ბედავენ, მიშა აბულინგებთ; ქუჩაში შეკრება უნდათ, ვერ ახერხებენ; სენატში მოსმენა იყო, ევროპიდან რა მესიჯებიც მოდის, მგონი, 15 მაისის აქციასაც ვეღარ ჩაატარებენ და ამ აქციის გადატანა მოუხდებათ. შეიძლება, მაისი კი დარჩეს მაისად, მაგრამ წელს ვერ დააზუსტებენ, რომელ წელს იქნება აქცია, რადგან ხალხი არ მოჰყვებათ. ამას კარგად გრძნობენ და ჩვენ გვიწყებენ დამუნათებას, რატომ ითვლით, ქუჩაში რამდენი ადამიანი დგასო. თუ დასათვლელი არ არის, აქციებს რატომ აწყობენ“.


