"ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი. ეს არის კითხვა, რომელიც ეხება არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ ყველა ინსტიტუტს, მათ შორის – პარლამენტს"
24/03/2021 12:48:26 პოლიტიკა
"ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი. ეს არის კითხვა, რომელიც ეხება არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ ყველა ინსტიტუტს, მათ შორის – პარლამენტს", – ამის შესახებ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პუგლისიმ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.
NATO-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის წარდგენამდე როსარია პულისმა NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ალიანსი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:
"საქართველო ალიაანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ძალიან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა გვაქვს. საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთ უმთავრეს მონაწილედ NATO-ს მისიებში ავღანეთში. NATO აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სიმართლე გითხრათ, ჩემი და ჩემნაირი ადამიანების სამუშაო გახლავთ დაგიჭიროთ მხარი, რათა გახდეთ უფრო ძლიერები, უნარიანები და მომზადებულები, რათა გახდეთ ალიანსის წევრები. საქართველო გახდება ალიანსის წევრი, როგორც იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რომ გახდეს წევრი. ქართული საზოგადოება მჭიდროდ უჭერს მხარს NATO-ს წევრობას. მოსახლეობის 69% აცხადებს, რომ სურს, ქვეყანა გახდეს ალიანსის წევრი. ეს პატარა მაჩვენებელი არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ეს მხარდაჭერა იქნება ხანგრძლივი და მდგრადი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები კარგად არიან ინფორმირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რა ხდება ამ ურთიერთობების თვალსაზრისით, ყველა ნაბიჯთან მიმართებაში. ზუსტი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ქვეყანა, რომელიც არის ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან ჰიბრიდული ომის, მუდმივ დეზინფორმაციის გამოწვევის წინაშე. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება და რას ვაკეთებთ. ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ პარლამენტის წევრებს დეტალურად გაგაჩნდეთ ინფორმაცია ამ პროცესის შესახებ", – განაცხადა როსარია პუგლისიმ.
მისი ამ გამოსვლის შემდეგ სხდომამ მუშაობა დახურულ ფორმატში გააგრძელა.


