ბრაიზა ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების თაობაზე მის მოსაზრებას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესშიც იზიარებენ
24/03/2021 15:00:11 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს მეთიუ ბრაიზას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზად ვადამდელი არჩევნები ესახება და ამბობს, რომ მის მოსაზრებას აშშ–ში ოფიციალური პირებიც იზიარებენ.
„ნამდვილად მწამს, რომ ახალი არჩევნები ერთადერთი გზაა, დაპირისპირება დასრულდეს. ჩემი ყოფილი კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წევრები ეთანხმებიან ამას. შეიძლება, მოხდეს მოლაპარაკება რიგგარეშე არჩევნებზე. ამერიკის აქტივობა უნდა იყოს არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ მხარეებს დაეხმაროს, მივიდნენ რიგგარეშე არჩევნებამდე, არამედ იმის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, რომ ეს რეალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყოს“,– განაცხადა ბრაიზამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ბრაიზა ამბობს, რომ მას მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმის შესაძლებლობას ის გარემოება აძლევს, რომ ამ დროისთვის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე არაა. აღნიშნულის შესახებ ბრაიზამ იმ კონტექსტში ისაუბრა, თუ რატომ არ საუბრობენ ამერიკელი პოლიტიკოსები ვადამდელ არჩევნებზე საჯაროდ:
„როდესაც ოფიციალურ თანამდებობაზე მუშაობ სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში, უნდა მოძებნო ბალანსი, რომ პრობლემის მოგვარება მოხდეს, მაგრამ არ უნდა გადაწონო ერთი მხარე. „ვარდების რევოლუციის“ დროს თეთრ სახლში ვმუშაობდი. ვცდილობდი, მოვლენებში არ ჩავრეულიყავით. ჯამში ვაშინგტონისთვის საქართველოს მთავრობასთან პოზიტიური ურთიერთობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში სურთ, საქართველო იყოს ნატო–ს წევრი, იმავდროულად, სურთ, საქართველოს მთავრობას მიაწოდონ სიგნალი, რომ ვერ დამყარდება კარგი ურთიერთობა, ვიდრე კრიზისი გრძელდება და სანამ ოპოზიცია დემოკრატიულ პროცესებში არ მონაწილეობს. ამ დროს ერთადერთი ძალა – რუსეთი იმარჯვებს“.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკების პროცესში გარღვევის მიღწევა შესაძლებელი გახდება.


