ოპოზიცია – საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე: "არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობაა"
25/03/2021 10:38:49 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი "არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად გამოიყურება".
ბოკერიას თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციის ინტერესშია, თუმცა "ეს კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა".
„როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე პირადად ვთვლი, რომ 2 პროცენტამდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში, თუმცა ბუნებრივია, ეს ყველაფერი ზოგადად კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება რაღაც არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად ისე, რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის“, -განაცხადა ბოკერიამ.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ "საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის მცდელობა, საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს აქ რაღაც ცვლილებები იგეგმება":
"ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცის მცდელობა, რომ საზოგადოებას და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აჩვენონ, თითქოს აქ რაღაც ცვლილებები იგეგმება. კიდევ ვიმეორებ, პრეზიდენტმა მიშელმა და ბატონმა დანიელსონმა ძალიან ნათლად ჩამოაყალიბეს ის პუნქტები, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ გვინდა ახალი ეტაპი და განვითარება. ამიტომ ყველა პუნქტი თუ არ შეთანხმდა, ცალ- ცალკე ნებისმიერ ინიციატივას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების თემა და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც ამ შეთანხმებაში იქნა ხაზგასმული“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 2024 წელს საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე იქნება. მეორე ცვლილებით კი ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. საკონსტიტუციო ცვლილებები "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტში 96 დეპუტატია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.


