"მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს"
25/03/2021 09:38:10 პოლიტიკა
"მოქალაქეების წევრი" ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში 17 ოპოზიციონერი დეპუტატი შევა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები ბარიერის დაწევისა და ფრაქციების წევრების შემცირებაზე მიღებულ იქნას.
"მიგვაჩნია, რომ ოპოზიციაში მოინახება ამ ქვეყანაზე შეყვარებული 17 ადამიანი, რომელიც შემოვა პარლამენტში და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩემი და ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა იქნება ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან ქვეყნის ინტერესი არის მრავალპარტიული, დემოკრატიული პარლამენტი 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის: პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 2024 წელს საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე იქნება. მეორე ცვლილებით კი ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. საკონსტიტუციო ცვლილებები "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტში 96 დეპუტატია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა.


