Accentnews.ge
ვაშაძე: „არ ვიცი, ეს კითხვარი რომელმა კრეტინმა სოციოლოგმა გააკეთა!“

ვაშაძე: „არ ვიცი, ეს კითხვარი რომელმა კრეტინმა სოციოლოგმა გააკეთა!“

25/03/2021 12:31:47 პოლიტიკა

არ შეიძლება ისეთი კვლევების გამოქვეყნება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს,– ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე NDI–ს კვლევის შედეგებს.

მას პრეტენცია კვლევის მეთოდოლოგიასთან აქვს და ამბობს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან მკაცრ საუბარს გეგმავს.

„NDI-სთან მქონდა საუბარი, მექნება საუბარი ხელმძღვანელობასთან და აშშ–ის საელჩოსთან, რადგან ეს არის არასწორად ჩატარებული კვლევა: ღია კითხვით მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არც ერთი პარტიის რეიტინგს არ იკვლევენ. მსგავსი რეიტინგული კვლევა არ არსებობს! მეთოდოლოგია არასწორია და ჩემი აზრი ამ ადამიანებმა იციან. მე მათთან ძალიან მკაცრი საუბარი მექნება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ცრუ წარმოდგენების შექმნა არ შეიძლება! მე არ ვიცი, რომელმა კრეტინმა სოციოლოგმა გააკეთა ეს კითხვარი და საერთოდ ვინ თქვა, რომ ამით რეიტინგის კვლევა შეიძლება! გამოვა IRI–ს კვლევები და ნახავთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები იქნება, რადგან ის კვლევას იმ მეთოდოლგიით ატარებს, რომლითაც ყველა ქვეყანაში ტარდება“,– განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” დგას, 7% – “ნაციონალური მოძრაობა”.

რაც შეეხება სხვა პარტიებს ("ევროპული საქართველო", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "ლელო", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია", "სტრატეგია აღმაშენებელი"), ჯამურად გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ეს პარტიებია.

ამასთან, გამოკითხულთა 40% მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთ პარტიას ასახელებს, 14% კი უარს აცხადებს კითხვაზე პასუხის გაცემისაგან.

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S