Accentnews.ge
თანამდებობა კიდევ ერთ დიპლომატს დაატოვებინეს

თანამდებობა კიდევ ერთ დიპლომატს დაატოვებინეს

25/03/2021 13:48:48 პოლიტიკა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს დესპანს გიორგი ფანიაშვილს თანამდებობა დაატოვებინეს.

ირკვევა, რომ დიპლომატის წინააღმდეგ ჯერ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, შემდეგ კი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით გაუშვეს. თავად ფანიაშვილი გადაწყვეტილებას სხვადასხვა მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნებულ მის ხედვებს უკავშირებს, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკაა გაკრიტიკებული.

უკვე ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ სწორედ ეს კრიტიკული აზრი გახდა მიუღებელი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩ სოფიო ქაცარავასა და მინისტრ დავით ზალკალიანისთვის, მიიღო კიდეც გაფრთხილება.

„გარკვეული პერიოდის წინ ჩემი მოსაზრებების გამოქვეყნება დავიწყე. ამ სტატიებში უკანონო, ამორალური, ანტისახელმწიფოებრივი არაფერი ყოფილა: ვწერდი კონსტრუქციულად, დაბალანსებულად იმ პრობლემატიკაზე, რომელიც საჯაროდ ცნობილია – საქართველოს საგარეო პოლიტიკა მთელ რიგ მიმართულებებში ცვლილებებს და განახლებას საჭიროებს. იყო მოსაზრებები, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა რიგი მიზეზების გამო არის მოძველებული, თავკერძა, ჩიხში და საჭიროებს ადაფტაციას. ეს განსხვავებული აზრი იყო. ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მივიღე, რომ ეს ჩემთვის არასასურველი იყო და ცუდად დასრულდებოდა. ეს მითხრა ელჩმა სოფიო ქაცარავამ, რა თქმა უნდა, სამინისტროს დავალებით. შემდეგ დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება, მაგრამ ჩვენმა გენინსპექციამ დაადგინა, რომ მე გადაცდომა არ მქონდა. ზუსტად იმავე დღეს მივიღე წერილი რეორგანიზაციის შესახებ“,– ყვება ფანიაშვილი.

იგი საქართველოს მთავრობას, საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს შეახსენებს, რომ „ფიქრის, მოსაზრების ქონის, აზრის გამოხატვის, წერის, დისკუსიის თავისუფლებები ეს ის თავისუფლებებია, რომლებიც უკეთესი, ევროპული მომავლის „ვაგონს“ უნდა აგორავებდნენ და მათი გაფრთხილება ევროპული საქმის განუყოფელი ნაწილია. ეს თავისუფლებები არ უნდა გახდეს სისტემური თავდასხმების საგანი, მით უმეტეს, ისეთი უწყების მხრიდან, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, მით უმეტეს, არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული წარმოების/შევიწროების, დისკრიმინაციისა და რეორგანიზაციის ჩატარების საფუძველი“.

„მე, საგარეოდან გაშვებულიც მშვენივრად განვაგრძობ ფიქრსაც, განსხვავებული მოსაზრების გამოხატვასაც და ამ ნაფიქრალის წერასაც“,– ამბობს ყოფილი დესპანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რატომ გათავისუფლდა თანამდებობიდან გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ფანიაშვილი.

როგორც საგარეო უწყებაში "აქცენტს" განუცხადეს, "გიორგი ფანიაშვილს შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომლის თანახმადაც საზღვარაგრეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოხდა საკადრო ერთეულების ოპტიმიზაცია, რომლის თანახმადაც. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირალნდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ის დიპლომატიური პოზიცია, რომელიც ეკავა გიორგი ფანიაშვილს გაუქმდა".

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულის შემდეგ გიორგი ფანიაშვილს ორი ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

"აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაცის შედეგად ასევე გაუქმდა საზღვარაგერთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ მისიებში საერთო ჯამში 9 თანამდებობა. რეორგანიზაციის შესახებ, გიორგი ფანიაშვილის ეცნობა ერთი თვით ადრე, ხოლო „პროფესიული მოხელის მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199 დადგენილების შესაბამისად მისთვის შეთავაზებულ იქნა სისტემაში (კერძოდ დიპლომატიურ მისიებში) ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, რაზეც გიორგი ფანიაშვილმა უარი განაცხადა", – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რაც შეეხება გიორგი ფანიაშვილის მიერ უწყების მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, რომლის თანახმად, იგი სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გაათავისუფლეს, საგარეო უწყებაში აღნიშნულ ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებენ.

"რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უწყების მისამართით თანამშრომლის უსაფუძვლო ბრალდებას, აღსანიშნავია, რომ გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასვხა ონლაინ-საინფორმაციო საშუალებებთან და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რა დროსაც მას არ ჰქონია წინააღმდეგობა უწყების მხრიდან. შესაბამისად ფაქტები ცხადყოფს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს და იცავს უწყების ყველა თანამშრომლის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის წესების დაცვის ფარგლებში", – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S