"ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები – ივანიშვილი და სააკაშვილი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ"
25/03/2021 18:55:55 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი, "კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ".
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვას, "გულისხმობს თუ არა ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს", კუბილიუსმა ასე უპასუხა: "დიახ, ეს გახლავთ რეალური ლიდერები, ორივე პოლიტიკური პარტიის".
"სამწუხაროდ, ესენი არიან ფორმალური ლიდერები, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს. გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", -განაცხადა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის: 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი კვლავ განახლდება. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.


