რას ელოდება ჯაფარიძე დანიელსონის მეორე ვიზიტისგან: "არანაირი "წითელი ხაზი" ვადამდელი არაა"
26/03/2021 08:01:12 პოლიტიკა
“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილ მეორე ვიზიტს ეხმიანება და დიალოგის განახლებასტან დაკავშირებით მოლოდინებზე წერს.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ სინამდვილეში არანაირი "წითელი ხაზი" ვადამდელი არჩევნები არაა და "ოცნებას" ძალაუფლების დაკავება არ სურს.
"ჩემი აზრით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებული ხუთი პუნქტი ზუსტად აჩვენებს სად აქვს ქვეყანას ისეთი ტიპის ჩავარდნები, რომელთა მოგვარების გარეშეც საუბარი სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაზე და საგარეო გამოწვევების გამკლავებაზე, უბრალოდ აზრს მოკლებულია:
ა) პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, რადგან მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
ბ) სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანისადმი ან ერთი პარტიისადმი ლოიალური კლანის მიერ, რადგან ასეთი სასამართლოს არსებობა შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
გ) ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით, რადგან ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული სრული ძალაუფლება შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
დ) ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან ვითარება, როდესაც ამომრჩევლების ნახევრის მიერ არჩეული არცერთი პარტია და პარტიული ლიდერი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს, შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი წამალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის.
ე) ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ ქვეყნის ასეთ ვითარებამდე მიყვანის შემთხვევაში, და ყველა სხვა გამოწვევების გათვალისწინებით, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან სხვაგვარად იქცევიან ავტოკრატიული მმართველები და ეს შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
მე ველოდები რომ ეს იქნება ბ-ნი დანიელსონის გზავნილები მეორე ვიზიტის დროს", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, ჯაფარიძის განცხადებით, "ამ სიმართლის შელამაზების და შერბილების ნებისმიერი მცდელობა ისეთი გზავნილებით როგორებიცაა - "ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ სიტაუაციაზე" ან "ორივე მხარემ უნდა იპოვოს ძალა რომ გადალახოს უთანხმოებები და იპოვოს კომპრომისი" განწირულია წარუმატებლობისთვის."


