კულტურის მინისტრი: "კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები"
26/03/2021 08:36:11 პოლიტიკა
"კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები", – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ამის სურვილი მე მაქვს, რომ მოვიკითხო, მოვისმინო, ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის გადაჭრას. მე დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები რა დგას ამის უკან, ეს არის უბრალო ბუზღუნი თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომლის უკან საქმის კეთების რეალური სურვილია. რაც არ უნდა ეს ვინმეს არ მოწონდეს რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები", – აცხადებს წულუკიანი.
ცნობისთვის: 23 მარტს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შეეცდება, გაარკვიოს მსახიობის განსხვავებული აზრი საიდან მოდის.
"თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, ან რეჟისორი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ მე უფრო შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი ვნახო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი, თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა POSTV-ს ეთერში.
მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, დასაქმებულების განსხვავებულ მოსაზრებებში იგი პრობლემას ვერ ხედავს:
“თუ ეს ორგანიზაციის ფუნქციონირებას არ უშლის ხელს, მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ გვინახავს ფენომენები, რომლებსაც რომ არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი...”.


