24 ჭრილობა: განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა შესაძლოა, საპატიმრო და ქვეყანაც დატოვოს

26-03-2021 16:46:45 სამართალი

ახალგაზრდა ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა შესაძლოა, არათუ მხოლოდ საპატიმრო, ქვეყანაც დატოვოს – მსგავს შესაძლებლობას გარემოებები იძლევა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე: ცივი იარაღით ფაქტობრივად, დაჩეხილი ახალგაზრდა ქალის – ელისო ჩეჩელაშვილის ცხედარი (24 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული) შინ სამსახურიდან დაბრუნებულმა მეზობელმა მკვლელობიდან ორი საათის შემდეგ იპოვა. მანამდე ქალის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, მეზობლებს ესმოდათ, თუმცა ჩარევისგან, 112–ზე დარეკვისგან თავი შეიკავეს. თავის დროზე მეზობლების გულგრილობა მედიაში განსჯის საგანი გახდა, თუმცა ამჟამად საქმე უკვე სასამართლო განხილვებს ეხება.

საქმე იმაშია, რომ მკვლელობიდან მალევე უცხოეთის მოქალაქე, შუახნის ქალი დააკავეს, რომელთანაც, როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ქალი მეგობრობდა. ჩეჩელაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველების ინფორმაციით, საქმის მასალებში არსებული გამოკითხვის ოქმის მიხედვით, თავდაპირველად ბრალდებული მკვლელობას აღიარებდა და საწყის ეტაპზე მოტივად ეჭვიანობა სახელდებოდა, თუმცა შემდეგ ბრალდებულმა დუმილის უფლებას მიმართა, არც სასამართლო პროცესები გამართულა, რომ ადვოკატებს მისი პოზიცია სხდომათა დარბაზში მოესმინათ. ირკვევა, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის პირველი 4 თვე პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებისთვის გამოიყენა, ხოლო სასამართლოს დარჩა 5 თვე ნაფიცი მსაჯულების შესარჩევად, არჩია რა ბრალდებულმა, რომ მის საქმეზე სწორედ ნაფიც მსაჯულებს ემსჯელათ.

ადვოკატები „აქცენტს“ უამბობენ, რომ ვინაიდან საქმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან გვაქვს, სასამართლომ ჯამში 12 ნაფიცი მსაჯული უნდა შეარჩიოს, აქედან ორი თადარიგისთვის, ამ დრომდე კი მხოლოდ 7 ნაფიცი მსაჯულია შერჩეული. ამასობაში იწურება ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ცხრათვიანი კონსტიტუციური ვადა: თუ 18 აპრილამდე არ დადგება განაჩენი, ან ბრალდებულს ახალი ბრალი არ წარედგინება, რისთვისაც აუცილებელი იქნება დაკავებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება, მძიმე დანაშაულში ბრალდებული ქალი საპატიმროს დატოვებს და განაჩენს არასაპატიმრო პირობებში დაელოდება.

„ჩვენი სასამართლო სისტემა რომ ჩამოშლილია, ამას ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ დრომდე არც ერთი სასამართლო პროცესი არ გამართულა და ბრალდბული მალე საპატიმროს დატოვებს! სასამართლომ ნაფიცი მსაჯულები ვერ შეარჩია, ვერ უზრუნველყო შერჩეული კანდიდატების სასამართლოში მიყვანა – 100 შერჩეული კანდიდატიდან მხოლოდ ორი მივიდა!“,– ამბობს “აქცენტთან“ ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.

მეტიც, ადვოკატებს სრულიად რეალისტურად მიაჩნიათ, რომ ბრალდებული პასუხისგების მიღმა დარჩეს.

„ბრალდებული უცხო ქვეყნის – რუსეთის მოქალაქეა. მას აქვს შესაძლებლობა, საპატიმროს დატოვების შემდეგ საქართველო დატოვოს: გასაგებია, რომ საზღვრის ლეგალურად კვეთის შემთხვევაში მას შესაძლოა, პრობლემები შეუქმნან, მაგრამ ვიცით, რომ არსებობს არალეგალურად კვეთის გზები, მათ შორის, გვაქვს ორი უკონტროლო ტერიტორია – აფხაზეთი და ცხინვალი!“,– ამბობს ადვოკატი როინ ჭეიშვილი.

ადვოკატი გამოსავალს ნაფიცი მსაჯულების დროულად შერჩევასა და სასამართლო პროცესების ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაში ხედავს:

„მთავარია, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დასრულდეს და შემდეგ უკვე კანონი იძლევა შესაძლებლობას, 18 აპრილამდე სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნოს“,– დასძენს ადვოკატი.

მოკლული ახალგაზრდა ქალის ოჯახი განაჩენის მოლოდინშია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული საპატიმროს განაჩენის გარეშე დატოვებს, მოკლულის დედა საჯარო თვითმკვლელობით იმუქრება.

„ცხრა თვეა, რეაგირება არ მომხდარა. მაინც და მაინც თავი მოვიკლა? მერე ბავშვიც [მოკლული ქალის შვილი – რედ.]ხომ უპატრონოდ დარჩება?!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები