„დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ. როგორიც არ უნდა იყოს მუქარა, საქართველო უკან არ დაიხევს“ – რაზე ისაუბრეს ჟენევაში
26/03/2021 18:17:58 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევაში მოლაპარაკებათა 52-ე რაუნდი რთული იყო და რუსეთის დელეგაციის მხრიდან კვლავ გამოვლინდა საკითხების მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა.
„სამწუხაროდ, ტრადიციულად, ეს რაუნდიც ძალიან რთული იყო, ისევე როგორც ყველა წინა სხვა რაუნდი. შეხვედრის დროს გავიარეთ 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მდგომარეობა. კვლავ გამოვლინდა რუსეთის დელეგაციის მხრიდან არაკონსტრუქციული მიდგომა, როდესაც გამოჩნდა კიდეც, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმებიდან ის, რაც ეხება რუსეთის ვალდებულებებს, არაფერი არ არის შეთანხმებული. მაშინ, როდესაც საქართველოს ვალდებულებებზე არა მხოლოდ ჩვენმა დელეგაციამ, საერთაშორისო პარტნიორებმაც აღნიშნეს, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს. ვიდრე არ მოხდება 6-პუნქტიან შეთანხმებაზე რაიმე პროგრესი, ზოგად პროგრესზე საუბარი რთულია,თუმცა არის კიდევ მეორე – ჰუმანიტარული ნაწილიც ამ მოლაპარაკებების, სადაც იყო მსჯელობა პირველ რიგში, იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, დაკავებებს, ადგილზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და შემთხვევები, როდესაც ჩვენი მოქალაქეების დევნა ეთნიკური ნიშნით ხდება. სამწუხაროდ, რეალობა არის, რომ ადამიანის უფლებათა საკითხების ინსტრუმენტალიზაცია და გამოყენება ხდება პოლიტიკური ზეწოლისთვის, რაც 21-ე საუკუნისთვის მიუღებელი ფაქტი და რეალობაა. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არიან მძველები პოლიტიკური პროცესის და მთლიანად ოკუპაციის. ჩვენს დელეგაციას ჰქონდა მცდელობა, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული და ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა ადამიანების ყოფა“, – განაცხადა, პირველი არხის ცნობით, დარსალიამ.
დარსალიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ დაკავებულებთან დაკავშირებით შეკითხვები უნდა დაისვას მის „კოლეგებთან სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან“.
„ისრების გადატანა ნამდვილად არ უშველის საკითხს. პროცესი ძალიან რთულია. მე დეტალებზე არ ვისაუბრებ, ვიდრე ეს პროცესი არ დასრულდება.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ პარტნიორებთან ერთად, რათა ბატონი გახელაძე და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომელიც არის დაკავებული, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ლაშა რადსალიამ.
მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრები კიდევ უფრო რეგულარული გახდება და მნიშვნელოვანია, აღდგეს გალის შეხვედრები:
„მნიშვნელოვანი ფორმატია ინციდენტების პრევენციისათვის და უშუალოდ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ერგნეთის შემდგომი შეხვედრების გამართვაზე. ამ მხრივ, ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გახდება კიდევ უფრო რეგულარული.
თუმცა არის გალის შეხვედრები, რომელიც მნიშვნელოვანია, აღდგეს და უკვე რამდენიმე წელია, ამ მიმართულებით შეხვედრები არ ხდება.
ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ მიმართულებითაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა და ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას უშუალოდ თანათავმჯდომარეების ხელმძღვანელობით“.
ინფორმაციისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.
როგორც დარსალიამ აღნიშნა, „ტრადიციულად“, ამ რაუნდზეც გაიჟღერა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხმა, რაზეც ცალსახაა პასუხი – საქართველოსთვის მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც ტერიტორიული მთლიანობა არის ერთმანეთისგან განუყოფელი საკითხები და ის წითელი ხაზები, რომელზეც საზოგადოება თანხმდება:
„როგორიც არ უნდა იყოს მუქარა და ზეწოლა საქართველოზე, ეს არის ის წითელი ხაზები, რომლისგანაც საქართველო გადახვევას არ აპირებს. დღესაც ასე ვუპასუხეთ. დღესაც გაიჟღერა რუსეთის მხრიდან უკმაყოფილებამ საქართველოს ამ არჩევანით და ამაზე პასუხი დიდი ხანია, იციან მათ – პასუხი არის ცალსახა, ეს არის შეუქცევადი არჩევანი, არჩევანი ქართული საზოგადოების და წითელი ხაზები, რომელზეც საქართველო უკან არ დაიხევს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
თავის მხრივ რუდენკომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისას „დიდი გარღვევები“ არ ყოფილა, მაგრამ შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ეს ერთადეთი სივრცეა, სადაც მშვიდად ვსაუბრობთ“:
„საკითხები ძირითადად ერთი და იგივე გვაქვს – ძალის გამოუყენებლობა, რეგიონის უსაფრთხოება. მხარეებმა საკუთრი პოზიციები წარმოვადგინეთ, რომლებიც არ შეცვლილა.
დიდი გარღვევები არ გვქონია. ამის მიუხედავად, ამ შეხვედრების გაგრძელება მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთადეთი სივრცეა, სადაც ნორმალურად და მშვიდად ვსაუბრობთ. კონკრეტული შედეგები არ გვაქვს. სამწუხაროდ, გასულ წელს პანდემიის გამო შეჩერებული იყო შეხვედრები, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, ვინარჩუნებთ თემოს და დინამიკას. იმედი მაქვს შემდეგი შეხვედრა ივნისში უფრო უკეთესი იქნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, მათ შორის, დაკავებული გახელაძის თემაც, ამ საკითხზე თქვენ სამხრეთ ოსეთს უნდა ესაუბროთ.
სხვა დაკავებულებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საკითხთა მთელი კომპლექსია და ამ საკითხებზე თქვენ კოლეგებს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან უნდა ესაუბროთ“.


