კრისტიან დანიელსონი: "ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. ახლა კომპრომისის დროა"
28/03/2021 06:00:55 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია.
როგორც მან აღნიშნა, მისი ვიზიტი ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მისი თქმით, ახლა კომპრომისის დროა.
"ძალიან მიხარია საქართველოში დაბრუნება. მოუთმენლად ველოდები, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას, როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე მმართველ გუნდთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია. იმის ნიშანია, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა. აქ დავრჩები სამი დღით. მოუთმენლად ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს და ეს სამშაბათს მოხდება", - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
დანიელსონი მოლაპარაკებების პროცესს 29 მარტიდან განაახლებს.
ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.


