სააკაშვილი: "გამიშვით საქართველოს ქუჩებში, ვნახავთ, რომ "ოცნების" მხარდაჭერა 5%-ია, ჩემი 75%"
28/03/2021 05:00:34 პოლიტიკა
"გამიშვით საქართველოს ქუჩებში, ვნახავთ, რომ "ოცნების" მხარდაჭერა 5%-ია, ჩემი 75%", - ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"საქართველო არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი, მასზე ფიქრით ვიღვიძებ და ვიძინებ... მოდით, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარი დაცვის გარეშე, დედას ვფიცავარ დაცვის არც ერთ თანამშრომელს არ ვიყოლიებ, გამიშვით საქართველოს ქუჩებში. მივცეთ ხალხს, რომელსაც, როგორც ისინი ამტკიცებენ, მე ისე ვეზიზღები, რომ ჩემი ეშინიათ, საშუალება, თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი. რატომ არ უშვებენ ამას? იმაში ხომ არ არის საქმე, რომ როგორც კი ფეხს დავადგამ ქართულ მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი ["ქართული ოცნების"] მხარდაჭერა არის 5% და ჩემი მხარდაჭერა არის, ვთქვათ ასე 70-75%?!",– განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის: აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, 2020 წლის დეკემბრის "ქართული ოცნების" მხარდაჭერა შემცირდა, "ნაციონალური მოძრაობის" გაიზარდა.
კერძოდ, NDI–ს ახალი კვლევის (2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდი) შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” დგას, 7%-სთვის კი – “ნაციონალური მოძრაობა”.
NDI–ს მიერ 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად კი, გამოკითხულთა 31% თვლიდა, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” იდგა, რესპონდენტთა 5% კი “ნაციონალური მოძრაობას” ასახელებდა.


