"მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს"
29/03/2021 09:50:45 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს".
„დამისახელეთ კომპანია, რომლიც კოვიდპანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში. ჩვენ ამას ჩვენივე ნებით თუ სურვილით ვეწინააღმდეგებით და სამუშაოებს ვაფერხებთ. მშენებლობაზე დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას. ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემა არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს. დიდ და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო აქციები, ტალღები დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად, ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას. ეს უნდა შეჩერდეს, დასრულდეს. ამისთვის სახელმწიფო კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფრს გააკეთებს. ვინაიდან პატარა და ღარიბი ქვეყანა ვართ, რესურსები, რომელიც გვაქვს, მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად უნდა იქნას ათვისებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით. მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია, სახელმწიფოც ჩაერთოს. სახელმწიფოს მონაწილეობითაც, სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოსთან ერთად განხორციელდეს ეროვნული მნიშვნელობის პროექტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


