ევროპარლამენტარები ქართულ პოლიტიკურ ძალებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ
29/03/2021 15:17:12 პოლიტიკა
ევროპარლამენტარების ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონის საქართველოში რიგით მეორე ვიზიტს ეხმიანება და ქართულ პოლიტიკურ ძალებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას გვერდით გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად კომპრომისისა და შერიგების გზით და თავი შეიკავონ ისედაც მწვავე პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გართულებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ყოველაფრის ფასად უნდა შენარჩუნდეს. [...] ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ ეს გზა გააგრძელოს. ამასთან, მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობის განცდით და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები რეალურად შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას. მზად ვართ, საქართველოს დახმარება აღმოვუჩინოთ ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი. ”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე; მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი; ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი; ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით; სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში და პეტრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.


