"მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ. თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები"
29/03/2021 17:50:05 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, იგი მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს.
როგორც დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დემოკრატია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს:
„დღეს მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს არის რთული პროცესი. დემოკრატია საჭიროებს მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული და როგორც ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს, ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე წინადადებებს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს".
ევროპელი დიპლომატის თქმით, პარტიებზეა დამოკიდებული, აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე:
"და ბოლოს, პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ დემოკრატიული სიმწიფე“.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები:
"მინდა გაგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს".


