„30 წელია, პოლიტიკაში ვარ და ანა–ბანის სწავლა არ მჭირდება“ – ბურჯანაძე დღევანდელი შეხვედრის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი
30/03/2021 11:28:32 პოლიტიკა
„დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სახელისუფლეო გუნდთან დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრის მიმართ ოპტიმისტურად არაა განწყობილი.
„არაფერს განსაკუთრბულს არ ველოდები: „ქართული ოცნების“ თავხედურმა განცხადებებმა მინიმალური გახადა შანსი, დათმობაზე წამოვიდეს“,– განაცხადა ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძე აღნიშნავს, მას ოპტიმიზმის საფუძველს არც მედიატორის განცხადებები აძლევს, რომელმაც აქცენტი სასამარლო და საარჩევნო რეფორმებზე გააკეთა.
„თუ ვინმეს სურს, შეთანხმება შეთანხმებისთვის შედგეს, ეს სხვა საკითხია“,– აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მთავარი ამოცანა არა მხოლოდ კრიზისის მოგვარება, არამედ იმგვარად მოგვარებაა, რომ მეორე, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში არ შევიდეს სიტუაცია.
„30 წელია, პოლიტიკაში ვარ და ანა–ბანის სწავლა არ მჭირდება – ვიცი, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია!“,– აღნიშნა ბურჯანაძემ და განმარტა,რომ რეფორმების განსახორციელებლად „ქართულ ოცნებას“ საკმარისი დრო ჰქონდა:
„ნებისმიერი ადამიანის მცდელობა, საარჩევნო სასამართლო რეფორმით გაამართლოს მათ შორის პარლამენტში შესვლა, იქნება ხალხის და საკუთარი თავის მოეტყუება“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.
29 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს.
დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.


