„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო
30/03/2021 13:18:21 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო. პროცესს მედიაციას უწევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
ელჩი მხარეებს ხელმოსაწერად დოკუმენტს შესთავაზებს. როგორც მან თქვა, ის დღეს, 30 მარტს, გასაჯაროვდება. ტექსტი შარლ მიშელის მიერ შედგენილი 6 პუნქტის მიხედვით იქნება გაწერილი და ხელმოწერისთვის მოითხოვს კომპრომისს მხარეების მხრიდან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მისაღწევად თბილისში 27 მარტს დაბრუნდა.
„ეს კრიზისი უკვე იწილო-ბიწილოს და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა და გაღატაკდა ეს ქვეყანა. ვინმეს თუ უნდა, რომ რეალურად ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა და შანსი, რომელიც ხელიდან არავინ უნდა გაუშვას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. დღეს გამოჩნდება, ვის უყვარს ქვეყანა და ვის არ უყვარს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თავად პირად გადაწყვეტილებას მიიღებს.
„პარტიების სახელით მე არ ვსაუბრობ და არ ვიღებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ცალკეული პირების, ინდივიდუალური პირების ხელმოწერა იქნება. ალბათ დოკუმენტი იქნება პარტიული ხელმოწერებისთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მექნება ჩემი გადაწყვეტილება. მე არჩეული ვარ, როგორც პარლამენტის წევრი და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც საზოგადოებას ვაცნობებ“, – განახცადა დავით ბაქრაძემ.
ენმ–ის წევრი სალომე სამადაშვილი სახელისუფლებო გუნდის რიტოიკიდან გამომდინარე სკეპტიკურადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ თუ სეთანხმება ვერ შედგა, ამით საქარტველოს თითოეული მოქალაქე დაზარალდება და მასზე პასუხს ხელისუფლება აგებს.


