„ოპოზიციას უკან დახევას ქართველი ხალხი არ აპატიებს!“ – ევროკავშირის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ
30/03/2021 18:02:52 პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ, თუ ის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს არ მოიცავს.
„მოძრაობა საქართველოსთვის“, რომელიც 4 თვეზე მეტია, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და იბრძვის ქუჩაში, ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, მოუწოდებს ოპოზიციას, მყარად დადგნენ პოზიციაზე, არ დათმონ ეს ორი საკვანძო საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც დათმობს ამ ორ საკითხს, საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაქციას მიიღებს და მათ ეს გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ქართველი ხალხი ოპოზიციას უკან დახევას არ აპატიებს“,– განაცხადეს აქტივისტებმა.
ცნობისთვის: შეხვედრა ხუთი საათია გრძელდება. „ფორმულას“ ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს: გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.


